ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია აქტიურად წერს, რომ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული შეფერხებებით მუშაობს, რაც სამხედრო მიზნების შესრულებაში, კიევისთვის მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია.
ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა შეფასებები და ვარაუდები. ინტერნეტის სიჩქარის შენელებას ან თანამგზავრული სისტემის ნაწილობრივ გათიშვას ზოგიერთი უშუალოდ ილონ მასკს აბრალებდა.
ეჭვები უსაფუძვლო არ იყო იმის გათვალისწინებით, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს პოლიტიკურ ურთიერთობებში არც ისე სახარბიელო ხანა დგას, რომელიც, როგორც წესი, სტრატეგიულ პარტნიორებს არ შეეფერება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ დროა, უკრაინას ახალი ლიდერი ჰყავდეს. საპასუხოდ, კიევიდან ვაშინგტონს უცხადებენ, რომ ამჟამად ეს შეუძლებელია, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო. ამას გარდა კი - ეს საკითხი მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.
ამ ფონზე, ექსპერტების თქმით, Starlink-ის სისტემის ნაწილობრივი გათიშვა ან მუშაობის შეფერხება, შესაძლოა, მიუთითებდეს თეთრი სახლის ხელმძღვანელობის ნაბიჯზე, წნეხის ქვეშ მოაქციოს კიევი, რომელიც ტრამპი-პუტინის დიზელის შეთანხმებას აქტიურად აკრიტიკებს.
„თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასა და Starlink-თან კავშირს უზღუდავს, ამას ღიად არ აღიარებს. ისინი საჯაროდ არ იტყვიან, რომ ასეთ ნაბიჯებს დგამენ.
დონალდ ტრამპისთვის ეს ძალიან დიდი რისკია, რადგან ნოემბრის არჩევნები ახლოვდება. თუ ის არამხოლოდ წარმომადგენელთა პალატაზე, არამედ სენატზეც დაკარგავს კონტროლს, შესაძლოა იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.
გარდა ამისა, უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებობს შეთანხმებები, რომლებიც იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებია. ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, შესაძლოა, იურისტებმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა სამართლებრივად გაასაჩივრონ.
სწორედ ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოძიება, რა ხდება სინამდვილეში, რადგან, დიდი ალბათობით, თუ ისინი უკრაინას ამ შესაძლებლობებს უზღუდავენ, ამას სხვაგვარად ახსნიან და იტყვიან: „ეს უბრალოდ ღრუბელი იყო“ ან „ეს მხოლოდ დროებითი ტექნიკური შეფერხება იყო“, - ამბობს ოლენა ტრეგუბი, დამოუკიდებელი თავდაცვის ანტიკორუფციული კომისიის დამფუძნებელი.
ექსპერტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ რატომღაც ამჯობინა უკრაინაზე წნეხის გაზრდა, ნაცვლად ამ წნეხის რუსეთის წინააღმდეგ მიმართვისა, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ოლენა ტრეგუბი ამბობს, რომ შეცდომად მიაჩნია, როდესაც ვაშინგტონში მიუთითებენ, თითქოს ზელენსკის ხელისუფლებას არ სურს ომის დასრულება.
„აქ ბევრი ურთიერთგადაჯაჭვული ინტერესია, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ უკრაინის დამარცხება მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. სამწუხაროდ, მას სჯერა, რომ ეს ყველაფერი ზელენსკის ბრალია და რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის შეჩერება არ სურს. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.
რუსეთია ის, ვინც უკრაინას თავს დაესხა. რუსეთია ის, ვინც ომს არ წყვეტს. უკრაინელი ხალხი კი არ დანებდება და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეთი სირთულეების წინაშე დგას.
სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი დაიღუპება. გაიზრდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობაც, რადგან ჩვენი ცის დაცვას ვეღარ შევძლებთ სათანადოდ. უკრაინის ფრონტის ხაზზეც კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.
ეს ძალიან ტრაგიკული იქნება, მაგრამ უკრაინა დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებების გამო ნამდვილად არ მოაწერს ხელს კაპიტულაციას“, - ამბობს ოლენა ტრეგუბი, დამოუკიდებელი თავდაცვის ანტიკორუფციული კომისიის დამფუძნებელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ კიევს არ მიუღია პარტნიორებისგან სადაზვერვო ცნობა უკრაინის ქალაქებზე რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ, რაც ბოლო ერთ კვირაში მეორე შემთხვევაა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯის გამო, ომში სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება.
ამერიკული მხარე უარყოფს სადაზვერვო ცნობების მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესებას და აცხადებს, რომ ამის მიზეზი „რთული მეტეოროლოგიური პირობები“ იყო, რასაც კიევი არასარწმუნოს უწოდებს.
