კატეგორიები

რესპუბლიკის დამხობის მცდელობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი მკაცრ სასჯელს მოითხოვს

რესპუბლიკის დამხობის მცდელობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი მკაცრ სასჯელს მოითხოვს
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა გასული უქმეები საფრანგეთისთვის, სადაც სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის, ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, ვითარების კონტროლქვეშ აყვანა მაინც გაჭირდა.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რესპუბლიკა დამხობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - ეს არა რომელიმე ექსპერტის შეფასება, არამედ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებია, რომელმაც პირობა დადო, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში პასუხისმგებელი ყველა პირი სრული სიმკაცრით დაისჯება:

„ყოველ ჯერზე, როდესაც სამართალდარღვევა ხდება, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაწყება. ვინც რამე გაანადგურა - ამისთვის შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს; ვინც გაძარცვა - ზარალი უნდა აანაზღაუროს. ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, ამის გამო პასუხს აგებენ.“

საზოგადოებისადმი რვაწუთიან სატელევიზიო მიმართვაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რთული დასაჯერებელია, არეულობის მომწყობ პირებს შორის ქვეყნის პატრიოტები მონაწილეობდნენ.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც ვინც ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებენ სოციალური პირობების გაუარესებას - მაკრონის სიტყვებით, ლეგიტიმურად - თუმცა რესპუბლიკის ლიდერის განმარტებით, ისინი არ უნდა იყვნენ გაიგივებულნი დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან.

„რამდენიმე ასეულმა ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამართა დემონსტრაცია, რათა საკუთარი სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები გამოეხატა. ჩვენ არასოდეს უნდა გავაიგივოთ ისინი იმ ადამიანებთან, რომლებმაც ნგრევა, ვანდალიზმი და ძარცვა ჩაიდინეს.

დემონსტრანტებმა შეშფოთება გამოთქვეს ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის ფასების ზრდის გამო. ეს პრობლემები სპარსეთის ყურეში დაწყებული კონფლიქტიდან მომდინარეობს - კონფლიქტიდან, რომელშიც საფრანგეთს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვიმკით. მე სრულად მესმის მათი შეშფოთება.

შექმნილ ვითარებაში პრეფექტები მერებთან კოორდინაციით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქალაქების, საზოგადოებრივი შენობებისა და ბიზნესების დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება მოიცავდეს გარკვეული შეკრებების აკრძალვასა და ყველა აუცილებელი ზომის მიღებას.

მეორე, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პროფესიულ ორგანიზაციასა და პროფკავშირს, ცალსახად დაგმონ ძალადობის ყველა ფორმა და სიმშვიდისკენ მოუწოდონ საზოგადოებას.

ყველამ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, არსებულ კრიზისულ ვითარებაში აუცილებელია დიალოგის გამართვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა შესაძლებელი გახდეს გამოწვევების დაძლევა:

„არ შეგვიძლია, ახალგაზრდებს მომავლის რწმენა მოვთხოვოთ, თუ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, თავად მიიღონ მონაწილეობა გამოსავლის გზების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დიახ, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად შევიმუშაოთ გამოსავალი. სტუდენტები, მასწავლებლები, დამსაქმებელთა და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები ამ კვირიდან მთავრობასთან ერთად იმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებზე.

პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში შეკრებს მათ, რათა ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობა დაიწყონ.“

მასობრივმა არეულობამ გარდა პარიზისა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქი მოიცვა.

ლიონში ტურისტული ოფისი დაიწვა, რომელიც მანამდე აგრესიულად განწყობილმა დაჯგუფებებმა დაარბიეს.

ორ მსოფლიო ომს გაუძლო, თუმცა მიმდინარე საპროტესტო შეკრებებს ვერ ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობამ, რომელიც ვანდალიზმის სამიზნე გახდა და ცეცხლის წაკიდების შემდეგ ჩამოინგრა.

ზემო ვიენის დეპარტამენტის პრეფექტმა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ქალაქი ლიმოჟია, შენობაზე თავდამსხმელებს „ველური ნახირი“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ ისტორიულ შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

საფრანგეთის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებზე მრავლად იყო პალესტინის დროშა და შეძახილები - „თავისუფლება პალესტინას“ - რაც გახდა პოლიტიკური განხილვების საგანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 მომდევნო წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საკუთარი პარტიული კამპანიისთვისაც გამოიყენეს, განსაკუთრებით ულტრამემარჯვენე ფრთა,, მარინ ლე პენის „ეროვნული ასამბლეის“ თაოსნობით.

კრიტიკის სამიზნედ არამხოლოდ ემანუელ მაკრონის ხელისუფლება, არამედ ევროკავშირიც იქცა.

ევროგაერთიანება დაადანაშაულეს არასათანადო მიგრაციული პოლიტიკის გატარებაში, რამაც, ცალკეული პოლიტიკოსების თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან არალეგალი პირების მასობრივ შემოდინებას შეუწყო ხელი და, მათ შორის საფრანგეთში, სამართალდამცავი სტრუქტურები უძლური გახადა იმ გამოწვევების მიმართ, რომელთა წინაშე ბოლო დღეებში პარიზი აღმოჩნდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 18 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, საპროტესტო აქციებისას 2 397 პირი დააკავეს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 997-მა პოლიციელმა და მეხანძრე-მაშველმა.

დაკავშირებული ამბები
რესპუბლიკის დამხობის მცდელობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი მკაცრ სასჯელს მოითხოვს „სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებით მძიმე დღე“ - პარიზში პროტესტი გრძელდება