სერიფოსი კიკლადების ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულია. მისი აყვავებული ტურისტული ინდუსტრიის მიღმა იმალება ისტორია, რომელიც ვიზიტორთა უმეტესობისთვის უცნობია. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან კუნძული სამთომოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დღემდე შეიძლება ნახოთ უკვე ჟანგიანი რკინიგზის ლიანდაგები, ტექნიკა, ხელსაწყოები, ვაგონეტები და საქონლის ჩასატვირთი პლატფორმები. ეს არის იმ ინტენსიური სამთომოპოვებითი საქმიანობის ხელშესახები კვალი, რომელმაც კუნძულის იერსახე მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე განსაზღვრა. ამ ისტორიის წარმოჩენისა და შენარჩუნების მიზნით, „სერიფოსის მეგობართა ასოციაციამ“ წამოიწყო პროექტი „სერიფოსის მაღაროების ცოცხალი ისტორია“, რომელიც კიკლადური ხელოვნების მუზეუმის პროგრამის „კიკლადური იდენტობის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„სერიფოსის მეგობართა ასოციაციას“ ორი მიზანი აქვს. პირველი, გვსურს, შევინარჩუნოთ და დავიცვათ სერიფოსის მაღაროების ეს ცოცხალი ისტორია. ამისთვის ჩვენ ვაწარმოებთ აღრიცხვას და ვიღებთ ინტერვიუებს თავად მაღაროელებისგან, ასევე კუნძულზე მცხოვრები მათი შთამომავლებისგან. მეორე მიზანი კი ისაა, რომ ეს ისტორია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ“. - განაცხადა „სერიფოსის მეგობართა ასოციაციის“ წევრმა, კატერინა პაპათომამ
მეგალო ლივადის მაღაროები ისტორიული ადგილია; სწორედ აქ 1916 წელს მაღაროელებმა სისხლიანი გაფიცვა მოაწყვეს. ისინი თავიანთ გერმანელ დამსაქმებლებს, კომპანია „გრომანს“, რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას სთხოვდნენ. აჯანყება მასშტაბური იყო, მაღაროებში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც ხშირად იწვევდა ადამიანების დაღუპვასა და მძიმე დაზიანებებს.
„ეს ისტორიული ადგილია, რომლის გაცოცხლებაც გვსურს, გვინდა, ის სამთომოპოვებითი მრეწველობისადმი მიძღვნილ მუზეუმად ვაქციოთ. მუზეუმად, რომელიც ღია ცის ქვეშ იქნება და რომელიც თავის ისტორიას უსიტყვოდ, მხოლოდ შემორჩენილი კვალის მეშვეობით მოგვითხრობს. ამიტომ ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, აღდგენასა და რესტავრაციას საჭიროებს“. - აცხადებს სერიფოსის მერი, კონსტანტინოს რევინთისი.
პროექტის „სერიფოსის მაღაროების ცოცხალი ისტორიის” მიზანია, რომ შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდროება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში კუნძულის ისტორია განსაზღვრა.
„მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მაღაროელების, ანუ „მეტალიოტების“ როგორც მათ კუნძულზე უწოდებდნენ, ზეპირი გადმოცემების ჩაწერა, გაციფრულება და შენახვა, რადგან ეს არის მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის“. - აცხადებს სერიფოსის მაღაროების პროექტის მენეჯერი, თეანო აგალოგლუ.
სპეციალურ ღონისძიებაზე ყოფილმა მაღაროელებმა და მაღაროელთა ოჯახების შთამომავლებმა საზოგადოებას საკუთარი ისტორიები და მოგონებები გაუზიარეს.
„მათ სერიფოსი, ფაქტობრივად, გამოშიგნეს. მთებში ისეთი გვირაბებია, რომ შიგნით შესვლისას შეიძლება გზა აგერიოს და დაიკარგო კიდეც. ახლაც კი, როცა ამაზე ვფიქრობ, სუნთქვა მეკვრის. აქედან მთელი სიმდიდრე გაიტანეს. კუნძულზე კი არაფერი დარჩა, არადა, რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში ის პატარა პარიზიც კი შეიძლებოდა გამხდარიყო“. - ამბობს ყოფილი მაღაროელი და სერიფოსის მკვიდრი, ანდრეას ლივანიუ.
„სერიფოსში არ მოიძებნება მაღაროელთა ოჯახი, რომლის რომელიმე წევრი მაღაროში არ დაშავებულა ან არ დაღუპულა. მაღაროები კუნძულისთვის ერთდროულად კურთხევაც იყო და წყევლაც. აქ ხალხი იყო, რადგან სამთო მრეწველობა მოსახლეობის მთავარი საქმე იყო, ხოლო მიწათმოქმედებას მხოლოდ დამატებითი სახით მისდევდნენ“. - ამბობს სერიფოსის მკვიდრი და მაღაროელთა შთამომავალი, ალექსანდროს ლივანიოსი.
„სერიფოსი მხოლოდ ცარიელი გარსი დარჩა. გრომანებმა და მაღაროს მომდევნო მფლობელებმა კუნძული სათავისოდ მართეს, გაიტანეს მადანი, მუშები ოფლის ბოლო წვეთამდე გაწურეს, სისხლიც კი დააღვრევინეს, ბოლოს კი ხელცარიელები დატოვეს, ანაზღაურების გარეშე“.- ამბობს სერიფოსის მკვიდრი და მაღაროელთა შთამომავალი, თეოდოროს ლივანიოსი.
