კატეგორიები

უკრაინამ წარადგინა საევაკუაციო დრონი, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების ცხელი წერტილიდან გამოყვანას შეძლებს

უკრაინამ წარადგინა საევაკუაციო დრონი, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების ცხელი წერტილიდან გამოყვანას შეძლებს

გარდა იმისა, რომ უკრაინამ, ფაქტობრივად, სრულად შეცვალა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის წესები, კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვაზე კიევი არც ახლა ამბობს უარს.

ადგილობრივმა კომპანია SkyFall-მა, რომელიც სამხედრო დრონების წარმოებაზე მუშაობს, შექმნა სრულიად განსხვავებული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სახელწოდებით StarGate-ი - ეს არის საევაკუაციო დრონი, რომლის მთავარი დანიშნულებაა სახიფათო ზონიდან დაჭრილი სამხედროების ისე გამოყვანა, რომ სამაშველო ჯგუფის წევრებს მტრის ცეცხლის ქვეშ მოხვედრა არ მოუწიოთ.

დრონი შედგება ექვსპროპელერიანი კონსტრუქციისგან, რომელიც ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას უზრუნველყოფს იმ ადგილებშიც კი, სადაც განსაკუთრებულად დიდი თავისუფალი სივრცე არ არის. გარდა ამისა, საფრენ აპარატს აქვს ერთგვარი კაფსულა, რომელიც სამედიცინო საკაცეს წარმოადგენს და მისი მიზანია დაჭრილი ჯარისკაცის უსაფრთხო ტრანსპორტირება.  

„ამჟამად ევაკუაციას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ზოგჯერ კი სამ დღემდეც კი სჭირდება. StarGate-ის დახმარებით კი ადამიანის ევაკუაცია, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთში შეგვიძლია. სისწრაფისა და განთავსების დროის გათვალისწინებით, ეს პროცესი შეიძლება უკიდურესად სწრაფად განხორციელდეს.

სამედიცინო ევაკუაციაში, განსაკუთრებით კი ფრონტის ხაზზე, არსებობს ასეთი ცნება - „ოქროს საათი“. ეს ის დროა, რომლის განმავლობაშიც დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა შესაძლებელია, თუ მას დროულად გადაიყვანენ სამედიცინო დახმარების მისაღებად.

დღეს StarGate-ის საშუალებით დაჭრილ ჯარისკაცს შეგვიძლია მივცეთ ოქროს შანსი - მოხდეს მისი ევაკუაცია სულ რამდენიმე წუთში“, - ამბობს კომპანია SkyFall-ის წარმომადგენელი.

დრონი ფრონტის პირობებში გამოსაცდელად საბრძოლო ბრიგადას გადასცეს. მისი მაქსიმალური ტვირთამწეობა 150 კგ-მდეა, მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ს ხოლო საკრუიზო 65 კმ/სთ-მდე აღწევთ. ფრენისთვის მომზადებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

საფრენ აპარატს რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგიაც გააჩნია.

„დრონს ოპერატორი ხელით მართავს. ამავდროულად, მას აქვს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს, იმუშაოს ისეთ გარემოშიც, სადაც GPS სიგნალი მიუწვდომელია ან სადაც სიხშირეები ჩახშობილია. ასეთ პირობებში დრონი სრულად ავტონომიურ რეჟიმზე გადადის.

ხელოვნური ინტელექტის ამ სისტემას შეუძლია ერთდროულად სამ რეჟიმში მუშაობა: აუდიო, რადარი და ვიზუალური აღქმა.

სისტემა მუდმივად აკვირდება და აანალიზებს გარემოს. მტრის დრონების მხრიდან აქტიური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, მას შეუძლია ავტონომიურად დაიცვას როგორც თავად დრონი, ისე კაბინაში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცი. ამისთვის სისტემა იყენებს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, ან დამცავ ბადეებს - თუმცა, ძირითადად, ორივე მეთოდს ერთდროულად იყენებს“, - თქვა კომპანია SkyFall-ის წარმომადგენელმა.

როგორც დრონების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, იდეა სამხედროების მოთხოვნით გაჩნდა. გასულ წელს 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის მეთაური, რომელიც Code 9.2-ის სახელით არის ცნობილი, SkyFall-ის დამფუძნებელს დაუკავშირდა და შესთავაზა, შეემუშავებინათ დაჭრილი ჯარისკაცების ძნელად მისადგომი ადგილებიდან უფრო უსაფრთხო ევაკუაციის საშუალება.

შექმნილი ტექნოლოგია არ ნიშნავს სამედიცინო დახმარების სრულად ჩანაცვლებას. შესაძლოა, დაჭრილს ფრენის დროს მონიტორინგი, სისხლდენის კონტროლი, ჟანგბადი ან სხვა გადაუდებელი ჩარევა დასჭირდეს. შესაბამისად, მისი ეფექტიანობა მხოლოდ ტვირთამწეობითა და სიჩქარით არ განისაზღვრება.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ერთი სისტემის სავარაუდო ღირებულება, კონფიგურაციის მიხედვით, სულ მცირე 50,000 აშშ დოლარია.

SkyFall-ის მიზანია 2026 წლის ბოლომდე თვეში 1,000-მდე ერთეულის წარმოების შესაძლებლობას მიაღწიოს. საგულისხმოა, რომ ეს კომპანიის გეგმაა და არა დადასტურებული მიმდინარე წარმოების მოცულობა.

დაკავშირებული ამბები
Starlink-ის გარეშე უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება - ამბობს ექსპერტი უკრაინამ წარადგინა საევაკუაციო დრონი, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების ცხელი წერტილიდან გამოყვანას შეძლებს