ეს სლოვენიაში მდებარე მყინვარი „სკუტაა“. ის ქვეყანაში შემორჩენილი უკანასკნელი მყინვარია, რომელიც ასევე სწრაფად მცირდება.
ქვეყნის მეორე მყინვარი, რომელიც მთა ტრიგლავზე, სლოვენიის უმაღლეს მწვერვალზე, მდებარეობდა, თითქმის მთლიანად გადნა.
„ჩვენ სლოვენიის ბოლო მყინვარის გვერდით ვდგავართ. შეხედეთ, რა დარჩა მისგან მხოლოდ პატარა ყინულის ნაგლეჯი, რომელიც ქვის ნამსხვრევებითა და ღორღითაა დაფარული; ცვლილება თვალში საცემია. ეს მყინვარები ხეობაში მცხოვრებთათვის წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარაგს წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში. ადრე მწყემსები მსგავს ყინულიან ჩაღრმავებებს ხორცის შესანახად იყენებდნენ, თუმცა ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან მთებში ყინულის ასეთი ადგილები აღარ არის“. - აცხადებს გლაციოლოგი, ანდრეი სლაკი.
კლიმატის ცვლილებამ და ტემპერატურის მატებამ ზამთარში თოვლის ნალექის შემცირება, ზაფხულში კი უფრო მაღალი ტემპერატურა გამოიწვია. ზამთარში მოსული თოვლი უფრო ადრე დნება, რის გამოც მის ქვეშ არსებული ყინული ზაფხულის სიცხის ზემოქმედების ქვეშ უფრო დიდხანს რჩება.
„მყინვარებიდან წამოსული წყალი კვებავს ჩვენს დიდ მდინარეებს, მათ შორის მდინარეებს დრავასა და მურას, რომელიც ავსტრიაში იღებს სათავეს. უახლესი პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის იქ 3500 მეტრზე დაბლა არსებული ყველა მყინვარი გაქრება. შესაბამისად, ამ მდინარეებში წყლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. სკუტა იმავე გზას ადგას, რასაც ტრიგლავის მყინვარი. ყინული ამჟამად დაცულია. ერთი კვირის წინ მთაში ვიყავით და დავინახეთ, რომ ყინულის ზედაპირის დაახლოებით 80-90 პროცენტი ხრეშითაა დაფარული. ეს მას დამატებით დაცვას უქმნის, თუმცა ყინული მაინც ყველა მხრიდან დნება. გარდამტეხი მომენტი მაშინ დგება, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა ორი ფაქტორი: ძალიან მცირე რაოდენობის თოვლი ანუ სეზონური თოვლის საფარის მაქსიმალური სიმაღლის დაბალი მაჩვენებელი და შემდეგ ძალიან თბილი ზაფხული. წელს ეს ორივე ფაქტორი იყო“. - ამბობს ანტონ მელიკის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, გეოგრაფი მიჰა პავსეკი.
ევროპა ის კონტინენტია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბება. აქ ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად იმატებს.
კლიმატის შემდგომი დათბობის პარალელურად მოსალოდნელია, რომ სითბური ტალღები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდება, თანაც ისე,რომ ის წლის უფრო ადრეულ ანგვიან პერიოდებში გამოვლინდება.
