კატეგორიები

„მე გარიგებებს ვდებ” - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისადმი დამოკიდებულებაზე და მოსკოვთან შეთანხმებაზე

„მე გარიგებებს ვდებ” - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისადმი დამოკიდებულებაზე და მოსკოვთან შეთანხმებაზე

„მე ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს. ამიტომ მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ“, – ასე პასუხობს დონალდ ტრამპი კითხვას, რომელიც ვლადიმერ პუტინისადმი მის დამოკიდებულებას შეეხება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ მისი საქმე არა ლიდერების კრიტიკა, არამედ მათთან შეთანხმებების დადებაა.

„სწორედ გარიგებების წყალობით გავმდიდრდი ასე. ამიტომ ადამიანებს აბუჩად არ ვიგდებ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჟურნალისტმა მას რესპუბლიკელი სენატორის, დენ სალივანის მიერ პუტინის კრიტიკისა და მოსკოვთან დიზელის საკითზე შეთანხმებისადმი მისი წინააღმდეგობის შესახებ ჰკითხა.

სალივანმა პუტინს დიქტატორი და ავტორიტარი ლიდერი უწოდა და შეთანხმება გააკრიტიკა, რამაც მოსკოვის მიმართ ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით რესპუბლიკელებს შორის არსებული უთანხმოება გამოავლინა.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დააკისრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ეს კონფლიქტი საერთოდ არ დაიწყებოდა.

მანვე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და თქვა, რომ ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობები არასწორად წარმართა.

„თქვენ და სენატორი დენ სალივანი პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთ აზრზე ხართ. სენატორი სალივანი კენჭისყრების თითქმის 100%-ში თქვენს პოზიციას უჭერს მხარს. ერთ საკითზე კი თქვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ბატონო პრეზიდენტო. და ეს რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს ეხება. სენატორმა სალივანმა პრეზიდენტ პუტინს დიქტატორი, ავტორიტარი ლიდერი და მაფიოზური რეჟიმის მეთაური უწოდა. იგი ეწინააღმდეგება დიზელის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გასულ კვირას გამოაცხადეთ. რატომ ფიქრობთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ამ საკითხში თქვენ ხართ მართალი, ხოლო სენატორი სალივანი ცდება?“ – ჰკითხეს დონალდ ტრამპს.

„მე ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს. ამიტომ მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე გარიგებებს ვდებ. ყოველთვის ძალიან კარგად გამომდიოდა შეთანხმებების მიღწევა. სწორედ გარიგებების წყალობით გავმდიდრდი ასე. ამიტომ ადამიანებს აბუჩად არ ვიგდებ. იცით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი საერთოდაც დაიწყო, ისაა, რომ ბაიდენი რუსეთს დასცინოდა, ყველას დასცინოდა, და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ის არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ – და ის ნამდვილად გაყალბდა – უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არ იქნებოდა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ტრამპმა მსოკოვთან შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შთტაებსა და გლობალურ ბაზრებს თავდაპირველად 300 000 მეტრულ ტონაზე მეტ დიზელს მიაწვდის, მომდევნო თვეებში კი დამატებითი პარტიების მიწოდებაც იგეგმება.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რუსული დიზელის ექსპორტზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს, კანონმდებლების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი მოსკოვზე ზეწოლის მცდელობებს ასუსტებს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა