ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში, დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, „სილვერ რეილის“ სკოლაში ცეცხლი 16 წლის მოზარდმა გახსნა. შემთხვევა 15 ოქტომბერს მოხდა.
დაღუპული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი. საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
საგანგებო სამსახურში პირველი შეტყობინება ადგილობრივი დროით 12 საათსა და 59 წუთზე შევიდა. ავტომობილში მყოფი მოქალაქე აცხადებდა, რომ შეიარაღებულმა პირმა მის მანქანას რამდენჯერმე ესროლა. მომდევნო წუთებში კვლავ შემოვიდა ზარი სკოლის მიმართულებით სროლის შესახებ. სამართალდამცველები ადგილზე პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით სამ წუთში მივიდნენ.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სკოლის ჩაკეტილი კარი გააღო იარაღით და ამ გზით შეაღწია შენობაში. ბენდის პოლიციის უფროსის, მაიკ კრანცის განცხადებით, მოზარდს მოქალაქე გაჰყვა, რომელმაც მას სკოლის შიგნით ესროლა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.
„თავდამსხმელს მოქალაქემ ესროლა, რომელმაც დაინახა, როგორ შევიდა ის სკოლაში და უკან გაჰყვა. ჩვენი თანამშრომლები შენობაში შევიდნენ და დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი გარდაცვლილი იყო. შემთხვევის ადგილზე ხუთი გარდაცვლილი ვიპოვეთ, მათ შორის თავდამსხმელი. დაიღუპა სამი ბავშვი 5, 8 და 11 წლის, ასევე ერთი მასწავლებელი. კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16 წლის თავდამსხმელი ბენდში მცხოვრები იყო“ - განაცხადა ბენდის პოლიციის უფროსმა მაიკ კრანციმ.
სკოლაში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ბავშვები ავტობუსებით ახლომდებარე ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც ოჯახებისთვის შეხვედრის ადგილი მოეწყო. სასკოლო ოლქის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრისთვის სკოლაში ყველა გაკვეთილი, სპორტული და სხვა სასკოლო ღონისძიებები გაუქმდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება არკვევს, ჰქონდა თუ არა მოზარდს კავშირი სკოლასთან.
