კატეგორიები

ზელენსკის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში – „ენერგეტიკული ზავი” და ბრიტანული მხარდაჭერა

ზელენსკის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში – „ენერგეტიკული ზავი” და ბრიტანული მხარდაჭერა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა დაუნინგ სტრიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. შეხვედრაზე ლონდონმა კიევს ბრიტანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარება აღუთქვა.

ბერნემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ომში მყოფი ქვეყნის დამატებითი დახმარებისთვის სხვადასხვა გზებს განიხილავს.

მანვე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის თავდასხმებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვინ არის აგრესორი.

„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, ჩემთვის დიდი პატივია, დღეს დაუნინგ-სტრიტზე გიმასპინძლოთ. თქვენ ახლახან თავად იხილეთ რეაქცია. ცხადია, დაინახეთ ის სოლიდარობა და მხარდაჭერა, რომელიც აქ, ბრიტანეთში ვართ და ეს არ შეიცვლება. ვიცით, რომ ბოლო დღეები და საათები უკრაინისთვის ძალიან მძიმე და რთული იყო. ვიცით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანა, განსაკუთრებით კი კიევი, ინტენსიური დაბომბვის სამიზნე გახდა. გვსურს, სამძიმარი გამოვუცხადოთ ყველა იმ ადამიანს უკრაინაში, რომელმაც მიმდინარე მოვლენების შედეგად საყვარელი ადამიანები დაკარგა. შაბათ-კვირას პრეზიდენტი ტრამპი ენერგეტიკული ზავის მოწოდებით გამოვიდა. ვოლოდიმირ, თქვენ თქვენი ლიდერობა აჩვენეთ, როდესაც განაცხადეთ, რომ მზად ხართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეთ და განიხილოთ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება, რათა უკრაინის მოსახლეობა მოსალოდნელი ძალიან მკაცრი ზამთრისგან დავიცვათ. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმები ვიხილეთ. მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, ვინ არის აგრესორი ამ კონფლიქტში. ასეთ მომენტებში ბრიტანეთი თქვენთვის ყველა შესაძლო დახმარების გაწევას გააგრძელებს. დღეს ვაცხადებ, რომ ვაჩქარებთ ბრიტანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ, რომ ისინი რაც შეიძლება მალე იყოს ადგილზე. ასევე, ჩვენი მთავრობის ყველა მინისტრს ვთხოვე, ყველაფერი გააკეთონ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად. ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელესკიმ ბრიტანეთის მთავრობასა და ხალხს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით დიალოგისთვის კვლავ მზად არის, თუმცა ის რაც ახლა ხდება, ენერგეტიკული ზავი ნამდვიალდ არაა.

მანვე ახსენა „მოულოდნელობები,“ რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში იჩინა თავი.

„დღეს მასშტაბური თავდასხმების სამიზნე ვიყავით. და სამწუხაროა, რომ სხვა სირთულეებიც შეგვექმნა. ენდისთან Starlink-თან და სადაზვერვო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მინდა. ბევრი სხვადასხვაგვარი სიურპრიზია, რომლებიც ნამდვილი პარტნიორობის პირობებში არ უნდა იყოს. ჩვენ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის იმედი გვაქვს. უბრალოდ, გვინდა ძალიან გულწრფელი, ღია და ძლიერი პარტნიორები ვიყოთ. სწორედ იმიტომ, რომ ძლიერი პარტნიორები გვყავს, ჩვენი ხალხი გადარჩა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას. ძალიან ვამაყობ, რომ გვყავს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი. ეს თქვენი ხალხია, ენდი. მინდა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფოს ხალხს მადლობა გადავუხადო. მადლიერი ვარ მისი უდიდებულესობისაც. მასთან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და უკრაინელ ხალხს დიდ მხარდაჭერას უცხადებს“, – თქვა ურკაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენდი ბერნემს შორის შეხვედრა კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე შედგა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს ისტორიის არასწორი მხარეა“.

9 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი დიზელის საწვავის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის დაუყოვნებლივ დაიწყებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამ გადაწყვეტილების გაკრიტიკების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.

დაკავშირებული ამბები
მარკ რუტე მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის გაგზავნისკენ მოუწოდებს ზელენსკის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში – „ენერგეტიკული ზავი” და ბრიტანული მხარდაჭერა