კატეგორიები

„საკმარისია“ - უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტევს

„საკმარისია“ - უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტევს
სამდღიანი პაუზის შემდეგ, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე იერიშებს ანახლებს. ასეთია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც მან დეტალურად ახსნა ბრიტანულ Financial Times-სთან ინტერვიუს დროს.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის თქმით, მოსკოვს არ შეუწყვეტია დარტყმები უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, შესაბამისად, ტრამპის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „ენერგოზავის“ დარღვევაზე კიევი პასუხისმგებლობას იხსნის.

„ჩემს სამხედროებს ვუთხარი, რომ ენერგეტიკული ზავის პერიოდში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და დიზელის საწვავთან დაკავშირებულ ობიექტებს არ დავესხმოდით თავს. რადგან, მაშინაც კი, თუ ჩვენ მართლები ვართ - და, რა თქმა უნდა, მართლები ვართ -ვიღაც იტყვის - არ ვიცი, რომელი მხარის წარმომადგენელი, მაგრამ ვიღაც აუცილებლად იტყვის -, რომ ჩვენ დავარღვიეთ ენერგეტიკული ზავი. არ მინდა ამ თამაშში მონაწილეობა.

დიახ, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს იმაში, თუ როგორ არ ავყვეთ ასეთ თამაშებს და როგორ არ ჩავერთოთ მსგავს პროცესებში. სწორედ ამიტომ, სამი დღის განმავლობაში რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, დიზელის საწვავთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასა და სხვა მსგავს სისტემებს არ დავარტყით.

მიუხედავად ამისა, ამ სამი დღის განმავლობაში ისინი ჩვენ გვიტევდნენ.

პირველ დღეს თავდასხმა მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურსა და ზოგიერთ ნავთობთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს შეეხო. მეორე დღეს თავდასხმები შედარებით მცირე მასშტაბის იყო. მაგრამ დღეს, ღამით, მათ პირდაპირ შეუტიეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ყველა ძირითად ობიექტს - განსაკუთრებით დედაქალაქში, თუმცა არა მხოლოდ კიევში, არამედ ხარკივსა და სხვა ქალაქებშიც. ბალისტიკური რაკეტების ძირითადი ნაწილი სწორედ დედაქალაქისკენ იყო მიმართული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მზად იქნებოდა, შეესრულებინა თხოვნა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა, იმ პირობით, რომ სანაცვლოდ მიიღებდა საკმარისი რაოდენობის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ გადამჭერ რაკეტებს, რათა უკრაინის დაცვა შეძლებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება ნიშნავს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკული ზავი, რომლის შესახებაც შტატების პრეზიდენტმა გასულ უქმეებზე გამოაცხადა, აღარ იმოქმედებს. შეთანხმება ისედაც ფორმალურად მოქმედებდა, მიუხედავად დონალდ ტრამპის მტკიცებისა, რომ მას ორივე მხარე ასრულებდა.

არადა, მაგალითად, 13-14 ოქტომბრის ღამით უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო არმიამ იერიშები მიიტანა კიევის მთავარ თბოელექტროსადგურებზე და ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანა ისინი.

ამავდროულად, მოსკოვი განაგრძობს დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზეც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კიროვოჰრადის ოლქზე იერიშები 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მათ სამიზნეებად იქცა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე ბიზნესცენტრები და სასაწყობე ფართები.

რუსეთმა დაარტყა ამავე ოლქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც. მასირებულ იერიშებს, მხოლოდ კიროვოჰრადში, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

დაკავშირებული ამბები
„საკმარისია“ - უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტევს უკრაინას პარტნიორებისგან ისევ არ მიუღია სადაზვერვო ინფორმაცია