კატეგორიები

კირილო ბუდანოვი: ევროპის უსაფრთხოება ამერიკის გარეშე „ძალიან სახიფათოა“

კირილო ბუდანოვი: ევროპის უსაფრთხოება ამერიკის გარეშე „ძალიან სახიფათოა“
„ევრონიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურას ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე საფრთხე ემუქრება. მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია კიევს ევროპასთან უფრო სიღრმისეული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ ბატონო კირილო, კიევში სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ მცირე პაუზაც კი არ კეთდება დრონებით თავდასხმებს შორის, საჰაერო განგაშის ხმა ერთმანეთის მიყოლებით ისმის. მაინც რა ხდება? ეს ახალი სტრატეგიაა? ეს ესკალაცია რუსეთის სტრატეგიისა და ტაქტიკის დროებითი ცვლილებაა თუ ახალი რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ეს უბრალოდ საშინელებაა - თვით ჩვენი აგრესორის მხრიდანაც  კი გასაკვირი არაადამიანური საქციელია. ეს არ არის ნორმალური, ხომ გესმით? ხოცავენ სამოქალაქო პირებს - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც კი დაიხოცნენ. წარმოგიდგენიათ? ეს ხალხი ჰიტლერის რეჟიმს გადაურჩა, მის წინააღმდეგ იბრძოდა და სულ ახლახან დაიხოცა. ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით როცა ბავშვები იხოცებიან. კლასიკური ტერორიზმია, რადგან ტერორიზმის არსი დაშინებაა - შიშის ფაქტორი, რომ საზოგადოებას შიში ჩაუნერგოს“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელი მიდის. როგორ გგონიათ, იმის იმედი ხომ არ აქვთ, რომ ხალხი დაიქანცოს და იძულებული გახდეს, უკან დაიხიოს? ან  იქნებ უკრაინის მთავრობაზე სურთ ზეწოლა, რათა დათმობაზე წაიყვანონ? რას ემსახურება ეს ყველაფერი?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „რა თქმა უნდა, სწორედ ამის სჯერათ“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „თუ არის რამე ისეთი, რისი გაკეთებაც რუსეთს ერთი წლის წინ არ შეეძლო, მაგრამ ახლა შეუძლია?

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „როგორც ამბობენ, სისულელეს საზღვარი თითქმის არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია. ამავდროულად, ყველა იმაზე მუშაობს, რომ, პირველ რიგში, ვიპოვოთ და ავამოქმედოთ ისეთი ტექნოლოგიური მექანიზმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი მოქმედებებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტს შეამცირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვაა“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „ვხედავთ, რომ უფრო მეტად იყენებენ რეაქტიული ძრავის მქონე დრონებს, ცვლიან მარშრუტებს, აწარმოებენ კომბინირებულ თავდასხმებს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი უფრო სწრაფად ახდენს ადაპტაციას, ვიდრე უკრაინა ასეთი თავდასხმების ასხლეტისა და შეჩერების კუთხით?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთი ჩვენზე სწრაფად ახდენს ადაპტაციას. უბრალოდ ისინი ახლა მასობრივ ტერორზე გადავიდნენ. დიდი ბოდიში, მაგრამ სამოქალაქო პირებზე იერიშის მიტანას დიდი ჭკუა არ სჭირდება. ეს ადვილია“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „კიდევ ერთი ზამთარი ახლოვდება. ყოველ წელს ვისმენთ გაფრთხილებას, რომ ეს ზამთარი ყველაზე მძიმე იქნება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეულ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს პრეზიდენტ ტრამპთან უკრაინის საკითხზე, რაც  Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღებას გულისხმობს. რამდენად დაგეხმარებათ ეს?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „რამდენად დაგვეხმარება? ეს რიტორიკული კითხვაა. ამას უფრო პრაქტიკული კუთხიდან უნდა შევხედოთ. მოდი, ასე ვთქვათ - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთ ლიცენზიას მივიღებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ისინი ამბობენ, არის დრო, რომელიც მის ამოქმედებას დასჭირდება. ეს არის პირველი პროდუქტის მიღებამდე დარჩენილი დრო. იმედი გვაქვს, რომ თავს გავართმევთ ამ ყველაფერს და ვიმედოვნებთ, რომ ეს გონივრულ ვადებში მოხდება, რამდენადაც ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია, რადგან ეს ხომ რთული და გრძელვადიანი ტექნოლოგიური ციკლია“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსების ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ უკრაინას გაცილებით დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ თავად აწარმოოს ასეთი ტექნიკა და ამიტომ, როგორც ოპონენტები ამბობენ, ამას აზრი არ აქვს. მაინც რამდენი დროა საჭირო?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ეს ოპონენტები ცდებიან, რადგან იგივე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მხოლოდ ომის დროს არ არის საჭირო - ისინი მშვიდობის დროსაც საჭიროა. ამიტომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ ლიცენზიის აღება და ასეთი ტიპის პროდუქტის მასობრივი წარმოების შესაძლებლობის მიღება ჩვენთვის სწორი გადაწყვეტილებაა“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება, რომ ამის გაკეთება შევძლოთ?“

 კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ჩვენი ომის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ინჟინრებმა სასწაულები მოახდინეს. ამიტომ თავს შევიკავებ პირდაპირი პასუხისგან. მე მჯერა ჩვენი ხალხის ინჟინრული გენიისა“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „როგორია მდგომარეობა ახალი რეაქტიული დრონების საწინააღმდეგო საზენიტო დანადგარების კუთხით? ეს სფერო როგორ ვითარდება?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „მათ ახლა ცდიან ბრძოლაში. არსებულ ვითარებაში ეს არ არის უბრალოდ ცდის ჩატარება, ეს სულ მცირე საოპერაციო გამოცდაა. საქმე უკვე ამ ტექნოლოგიის წარმოების მასშტაბის ზრდასა და საინჟინრო ნაწილის დახვეწამდე მივიდა. ეს ტექნოლოგია ძირითადად რუსულ რეაქტიულ დრონებს ანადგურებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის რაღაც დასახვეწი და მასობრივი წარმოების პრობლემაა მოსაგვარებელი. ჩემი აზრით, ეს ტექნიკა მოახლოებული ზამთრის ყველაზე რთული პერიოდისთვის უკვე მზად გვექნება. საკუთარი თვალით ვხედავდი, თუ როგორ ვითარდებოდა ეს ტექნიკა და როგორ ხდება წარმოება. თვალს ვადევნებ ტექნოლოგიურ ციკლს, თუ როგორ მიიწევს წინ ამჟამად. ყველაფერს მოასწრებენ თავის დროზე“. 

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „როგორ აისახება უკრაინული ტექნოლოგიის წარმოების გაფართოება ევროპული ქვეყნების მხრიდან მომდინარე ინტერესზე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპელ პარტნიორებთან და შეთანხმებებსაც დებს მათთან დრონებსა და საზენიტო დანადგარებზე ერთობლივი მუშაობის კუთხით. ყველამ იცის ამ შეთანხმებების შესახებ, ვგულისხმობ დრონების შეთანხმებასა და ა.შ. მაგრამ ეს შეთანხმება დრონების შესახებ, ასე ვთქვათ, უფრო ადრეულ მოდელებს ეხებოდა“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს რაიმე კონკრეტულ დანადგარს არ გულისხმობს. ეს ეხება ზოგადად ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ასე ვთქვათ, მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ესე იგი დრონების თაობაზე ევროპულ ქვეყნებთან დადებული შეთანხმების ნაწილი შესაძლოა  ეს უკრაინული უახლესი ტექნოლოგიებიც იყოს, რომელთა წარმოების გაფართოებაც იგეგმება რეაქტიული დრონების გამო“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:  „დიახ ასეა. მათ, ვინც ხელი მოგვიწერა ასეთ შეთანხმებებზე, ასე ვთქვათ, უფლება აქვს განაგრძოს მოლაპარაკება კონკრეტულ პროდუქციაზე და დროულად მიიღოს კიდეც“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ეს მხოლოდ ევროპის ქვეყნებს ეხება თუ ზოგადად უფრო ფართო წრეს?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „მათ, ვისთანაც ხელი მოვაწერეთ ასეთ შეთანხმებებს“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ანუ არაევროპულ ქვეყნებზეც ვრცელდება, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის -  სპარსეთის ყურის ქვეყნებზე“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც აქვს შეთანხმება, იმასთან განვაგრძობთ თანამშრომლობას. მათთან ვიმუშავებთ, ვინც ამ შეთანხმებებს ხელი მოაწერა. და სამწუხაროდ, ისიც გასაგებია რეალობიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ მას შემდეგ დავაკმაყოფილებთ ამ ქვეყნების მოთხოვნას, როდესაც ჯერ ჩვენს საკუთარ ქვეყანას მოვამარაგებთ ამ ტიპის პროდუქციით“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ევროპელებთან თანამშრომლობის ფარგლებში საბოლოოდ თავდაცვის ინდუსტრიის როგორი მოდელის შექმნა გსურთ?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „რაც შეიძლება გამჭვირვალე, ტექნოლოგიურად ძლიერი და, ასე ვთქვათ, ერთიანი საწარმოების დაფუძნებაც გვინდა. ამან შესაძლოა სულ სხვადასხვა ფორმა მიიღოს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. ზოგჯერ უმჯობესია შევქმნათ საწარმო უცხოეთში, სადაც ჩვენი ინჟინრები იმუშავებენ, მაგრამ ერთობლივ საკუთრებაში იქნება და თან იმ პირობით, რომ ეს საწარმო თავის პროდუქტს, პირველ რიგში, ჩვენ მოგვაწვდის. ზოგ შემთხვევაში, როცა საქმე კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს ეხება, რომელთა გატანა ქვეყნის გარეთ პრინციპულად მცდარი იქნება, ყველაფერი ჩვენთან მოხდება. აქაც არიან არანაკლებ ნიჭიერი ინჟინრები და დასავლეთელ სპეციალისტებსაც შეუძლიათ აქ მუშაობა, თუ მოისურვებენ“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მაინც რა უნდა შესთავაზოს  უკრაინამ  ასეთ პარტნიორობას ისეთი, რის გაკეთებასაც თავად ევროპა ვერ შეძლებს ისევე სწრაფად და ეფექტიანად?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „პასუხი ძალიან მარტივია: ინოვაციების დანერგვისა და წარმოების მასშტაბის სწრაფად გაფართოება - სხვაგვარად რომ ვთქვათ - მასობრივი წარმოება“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „საკითხს თუ უფრო ფართო ჭრილში განვიხილავთ, მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ  უკრაინულ ტექნოლოგიებს, უკრაინის გამოცდილებას, დრონების შეთანხმებას, ყველაფერს, რასაც ვავითარებთ და რისი წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ -  თქვენი აზრით, ეს ყველაფერი როგორ უნდა  მოერგოს ევროპის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურას?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „უპირველეს ყოვლისა, ასეთ კითხვას დაგისვამდით: როგორია ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა? ჯერჯერობით ამის პასუხი არ არსებობს, მაგრამ ყველა ამაზე მუშაობს. როდესაც ამ საკითხს განსაზღვრავენ დოქტრინის დონეზე და დაამტკიცებენ, მერე გაირკვევა, თუ რა ადგილი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ამ არქიტექტურის მონაწილე ყველა ქვეყნას“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მოდი, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ ამ თემაზე: თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა წარმოვიდგინოთ ამერიკის გარეშე?“

 კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „მიმაჩნია, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ დოქტრინას შეადგენს, ნებისმიერი შესაძლო სცენარი უნდა გაითვალისწინოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ცუდი ვარიანტია - ძალიან ცუდი და ძალიან სახიფათო“.

 საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ევროპისთვის?“ 

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ევროპისთვის“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მინდა, უკრაინის დაფინანსებისა და აუცილებელი რესურსების შესახებ გკითხოთ. ამჟამად ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია კიევს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირს - ევროკომისიას - შორის უკრაინისთვის აუცილებელი დაფინანსების შესახებ. რამდენად სერიოზულია ამჟამად რისკი იმისა, რომ უკრაინა უბრალოდ ვერ მიიღებს აუცილებელ რესურსებს და არ ექნება ეს თანხები, როცა დასჭირდება?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „არა, ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, თუ როგორ უნდა დაიფაროს საჭირო ხარჯის უმეტესობა. უკვე მიმდინარეობს სამუშაო და ოფიციალური ვიზიტები - ფინანსთა მინისტრი ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს საზღვარგარეთ. ამის შემდეგ უფრო მაღალი რანგის თანამდებობის პირებიც გაემგზავრებიან. ასე რომ, საქმე წინ მიდის - შეიძლება ითქვას, საქმე ბოლოს და ბოლოს დაიძრა მკვდარი წერტილიდან“.

 საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მაგრამ უკრაინის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საჭიროებებიც მუდამ იცვლება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის თანხა, რომელიც ახლა სახელდება, განსხვავდება ადრე დასახელებული თანხისგან“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:  „მათი ცვლილება ნორმალურია. ნახეთ, რა ხდება ამ წუთას რუსული რაკეტებისა და დრონების იერიშის ფონზე. აშკარაა, რომ მეტია საჭირო ზოგიერთ სფეროში, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლებია საჭირო სხვა სექტორებში. ასე რომ, ერთმანეთს აბალანსებს“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვეღარ დაეყრდნობა პარტნიორების მიერ გაღებულ გადაუდებელ დაფინანსებას“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „რა თქმა უნდა. იცით, როდესაც ომი მძვინვარებს, იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი აყვავებული ქვეყანა ვიქნებით, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ასახვს აწმყოს - ეს მომავლის საკითხია. თუ მომავალზე გვსურს საუბარი, მაშინ ვრცლად უნდა ვისაუბროთ ლიბერალურ ეკონომიკაზე, სახელმწიფოს პროგნოზირებად საგადასახადო პოლიტიკასა და ზოგადად შიდა სტაბილურობაზე. მაგრამ ამ წუთას ჩვენი გადარჩენის საკითხი დგას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - უნდა გადავრჩეთ აქ და ახლა. რა თქმა უნდა, მომავალზეც ვფიქრობთ, ვამუშავებთ სხვადასხვა დოქტრინას, თუ როგორ და რა უნდა გაკეთდეს. ამას არაფერი აქვს საერთო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან, რომელიც სრულიად განსხვავებული საკითხია. ეს სულ სხვა რამეა. ცალკე დგას. ყველა ქვეყანაში ასე ხდება მთელ მსოფლიოში. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუკი რომელიმე უკრაინული კომპანია, ვთქვათ, თავდასხმის დრონებს ძალიან ძვირად მიჰყიდის რომელიმე ძალიან არამეგობრულად განწყობილ ქვეყანას. ეს პოლიტიკური ფიასკო იქნებოდა ჩვენთვის - ეს დაუშვებელია. ასე რომ არ მოხდეს, ექსპორტს ვაკონტროლებთ. ყველა შესაბამისი ორგანო დებს თავის შეფასებას და ა.შ. არავინ ყიდის იარაღს თავის ნებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ცვილიზებულ ქვეყანაში. და არც უკრაინაა გამონაკლისი. აუცილებელია გამჭვირვალობა და ყველასთვის გასაგები პირობები“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „მაგრამ ეს პირობები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის ომის გამო“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ჩვენ ახლა ომში ვართ. შეხედეთ, რა გვჭირდება. ჩვენი ექსპორტი საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა არსებობს. ეს კარგია, მაგრამ შეზღუდულია“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „თუმცა უცხოელი ინვესტორების ინტერესი ძალიან გაიზარდა“.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „ეს გასაგებიცაა. მე ასე გეტყვით:  იარაღის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იქნება, რადგან ომი იყო, არის და იქნება მსოფლიოს ნაწილი. არ არსებობს საზოგადოება, რომელსაც ომი არ გადაუტანია. უბრალოდ ზოგჯერ  სწრაფად მთავრდება და ზოგჯერ ძალიან გრძელდება ეს პერიოდი“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ბოლო კითხვა მაქვს. როდის ჩათვლით, რომ უკრაინამ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია - როდესაც დაინახავთ განვითარებულ საზოგადოებას, ინვესტიციებს და როდესაც ხალხი საკუთარ სახლში დაბრუნდება?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:  „მოდი, ასე ვიტყვი - როცა გლობალურ რეიტინგში დაიკავებს ადგილს“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „რომელ ადგილს?“

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „არა იმას, რომელიც ახლა გვიკავია. დაგაკმაყოფლებთ ასეთი პასუხი? მგონი - კი. მოდი, აქ დავასრულოთ“.

ავტორი: საშა ვაკულინა

დაკავშირებული ამბები
კირილო ბუდანოვი: ევროპის უსაფრთხოება ამერიკის გარეშე „ძალიან სახიფათოა“ PISA ტესტის დამფუძნებელი: ახალგაზრდობა აუცილებელ უნარ-ჩვევებს კარგავს, ხელოვნური ინტელექტი მათ პოტენციალს „აცარიელებს“