კატეგორიები

PISA ტესტის დამფუძნებელი: ახალგაზრდობა აუცილებელ უნარ-ჩვევებს კარგავს, ხელოვნური ინტელექტი მათ პოტენციალს „აცარიელებს“

PISA ტესტის დამფუძნებელი: ახალგაზრდობა აუცილებელ უნარ-ჩვევებს კარგავს, ხელოვნური ინტელექტი მათ პოტენციალს „აცარიელებს“
საყოველთაოდ ცნობილი სტანდარტიზაციის  ე.წ.  PISA ტესტების მამა, ანდრეას შლაიხერი, გვაფრთხილებს, რომ მოწაფეებში წარჩინების მაჩვენებლის რეკორდული ვარდნის  მიზეზი შესაძლოა მშობლების მიერ ყურადღების მკვეთრი მოდუნება და ციფრული ტექნოლოგიებით გამოწვეული ქცევითი ცვლილებები იყოს.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „დღეს ჩემი სტუმარია გლობალური განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA ტესტების ავტორი. ანდრეას შლაიხერი ასევე გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისა ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი.  PISA 2025-ის კვლევის შედეგებმა, რომლებიც ახლახან გამოქვეყნდა, დიდი მღელვარება გამოიწვია. უბრალოდ გაოგნებული დაგვტოვა ევროპელებიცა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიც. თუ შეიძლება, თავდაპირველად ჩვენს აუდიტორიას შეახსენეთ,  რას წარმოადგენს ეს ტესტები და რატომ აამოქმედეთ 90-იანი წლების ბოლოს?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: PISA  განათლების წარჩინების ერთგვარი გლობალური საზომია, რომელიც ტესტის საშუალებით ამოწმებს, თუ რა იცის რეალურად მოწაფემ. ჩვენ მხოლოდ იმას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენი წელი ისწავლა მოწაფემ, არამედ იმასაც, თუ რამდენად იყენებს იგი ისეთ საგნებში მიღებულ ცოდნას, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკა და კითხვა. ეს შემოწმება იმიტომ დავიწყეთ, რომ 90-იანებში ძირითადად განათლების დონეს ვამოწმებდით იმის მიხედვით, თუ რა თანხა დაიხარჯა განათლებაზე, ან რამდენი წელი იჯდა მოსწავლე კლასში, რაც სინამდვილეში ძალიან ცოტას გვეუბნება იმაზე, თუ რეალურად რისი უნარი მისცა განათლებამ. აი, ეს იყო მოტივაცია“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „2025 წლის შედეგები რას გეუბნებათ, რა ტენდენცია შეინიშნება ახალგაზრდებში, რა უნარ-ჩვევებს იძენენ და რას სწავლობენ?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „ევროპას რაც შეეხება, ვითარება მართლაც იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან, როგორც ჩანს, თანდათან ვკარგავთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ყოფაში. როგორც ვხედავთ, ახალგაზრდებში მხოლოდ წიგნიერების დონე კი არ შემცირდა, არამედ შემცირდა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროში გადამოწმების, ინფორმაციაზე კრიტიკული მსჯელობისა და შედარებით რთული ტექსტების გაგების უნარი. ხელოვნური ინტელექტის ხანაში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და, როგორც ჩანს, ეს უნარ-ჩვევები ქრება. გარდა ამისა, როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიან- თუ რას უფრო ენდობიან, საღ აზრს თუ მეცნიერებას, უმეტესობა პასუხად ირჩევს - საღ აზრს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ეს მიდგომა ძალიან სახიფათოა. ხელოვნური ინტელექტი ხომ საღი აზრია. ის ძალიან დამაჯერებლად იქცევა, ძალიან ბევრი იცის, ნდობას აღძრავს, მაგრამ ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა. ამიტომ აუცილებელია, შევინარჩუნოთ გადამოწმების ჩვევა და განათლების სისტემა, როგორც ჩანს, არ ნერგავს ამ უნარს“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „რას ეტყოდით მათ, ვინც შეგეწინააღმდეგებოდათ და გეტყოდათ, რომ სამყარო შეიცვალა და შესაძლოა, თქვენი ტესტები აღარ ამართლებს?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „სწორედ ამის თქმა მინდოდა. PISA სწორედ იმ უნარ-ჩვევებს ამოწმებს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს. შესაძლოა, აღარ არის საჭირო, რომ სასწავლო მასალა მუდამ ერთი და იმავე დეტალებისგან შედგებოდეს, სწორედ ამიტომ  PISA არ აქცევს დიდ ყურადღებას, რამდენად ზუსტად გაიმეორებ, რაც ისწავლე. PISA ყურადღებას აქცევს, თუ რამდენად აქვს მოზარდს ნასწავლის გააზრების უნარი და რამდენად ახერხებს მიღებული ცოდნის ახალ კონტექსტში გამოყენებას,  რამდენად შეუძლია კრიტიკული აზროვნება და რთული ამოცანების გადაჭრა, რადგან ეს უნარები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტი გვაიძულებს, უკეთ დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ადამიანობის არსი, სად შეგვიძლია დამატებით გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და არა მთლიანად ჩავანაცვლოთ მისით გარკვეული ფუნქცია. სწორედ ამაზე ვფიქრობთ ახლა და ეს მიგვაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად ამ წუთას“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ ხელოვნური ინტელექტის ელვის სისწრაფით განვითარება -  რადგან ყველამ ვიცით, რომ ბოლო წლებში ის ძალიან სწრაფად განვითარდა -  ფაქტობრივად, მთლიანად უცვლის ახალგაზრდებს აზროვნებას? რამდენად სწორი იქნება ამის თქმა? რამდენად ხედავთ ამას ბოლო ტესტებით? და თუ მართლაც ასეა, რამდენად შესაძლებელია ამ ტენდენციის შეცვლა? რადგან მრავალი ჩვენგანი ფიქრობს, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი განვითარების არსებულ ტემპს შეინარჩუნებს, შეუძლია, გადაასწროს ნებისმიერ რეფორმას, რომლის გატარებასაც განათლების სისტემა მოახრეხებს“.

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „ადამიანი ყოველთვის უკეთ ახერხებდა ახლის გამოგონებას, ვიდრე მათ გონივრულად გამოყენებას. ხელოვნურ ინტელექტსა და სწავლას შორის ნამდვილად რთული ურთიერთობა შეიქმნა, მაგრამ პრობლემის არსი საკმაოდ მარტივია. მხოლოდ სპორტის ყურებით ვერ გაჯანსაღდები.  უფრო ჯანმრთელი იქნები, თუ თავად მისდევ სპორტს. იგივე ითქმის სწავლაზეც. ვერაფერს ისწავლი მხოლოდ ინფორმაციის შთანთქმით, თუნდაც ეს ინფორმაცია ძალიან დახვეწილი და დინამიკური საშუალებებით მოგაწოდონ. სწავლა დიდ შრომას მოითხოვს. სწავლა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ფიქრობ ამა თუ იმ თემაზე, ფაქტებს ადარებ, ერთმანეთს უპირისპირებ, როდესაც ბეჯითად შრომობ. ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია გამოშიგნოს ეს პროცესი. ამიტომაც მგონია, რომ როდესაც ამ უნივერსალურ ინსტრუმენტებს პედაგოგიური ჩანაფიქირის გარეშე ვიყენებთ, ჩვენ, შესაძლოა, გავანადგუროთ სწორედ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გვჭირდება - მოწაფის მიერ  კრიტიკული აზროვნების, ფიქრისა და შედარების უნარი. სწორედ ამას ვხედავთ. თუმცა PISA  საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს განსხვავებულად იყენებენ, სადაც ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის მიმართავენ, რომ უფრო უკეთ იფიქრონ, უფრო სწორად დასვან კითხვები, მეტი ინფორმაცია მიიღონ კონტექსტის შესაქმნელად და პედაგოგებს მისცენ მძლავრი იარაღი, რათა მოწაფეებს უკეთ ასწავლონ. ამიტომ მიმაჩნია, რომ უბრალოდ უნდა შევცვალოთ მიდგომა და უარი ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შთანთქმაზე და უფრო შემოქმედებითი გზა ავირჩიოთ“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია განაპირობებს ამ უნარების გაუარესების ტენდენციას? თუ ვითარება უფრო კომპლექსურია? და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც ასრულებს გარკვეულ როლს?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „დიახ, ეს მართლაც რთული კითხვაა. ჩვენ მხოლოდ ურთიერთმიმართებას ვაკვირდებით. აშკარაა, რომ რთული მასალის კითხვის უნარის გაუარესება დაემთხვა ციფრული ტექნოლოგიების აღზევებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისაც. ამ ორ ფაქტორს შორის მიმართება ცხადია. მაგრამ რამდენად მიზეზშედეგობრივია ეს მიმართება, ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია. თუმცა რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, ზოგი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, ასეთი შედეგები ევროპაში ძალიან შერეული მოსახლეობის გამო მივიღეთ, რომ ემიგრაციის ფაქტორი დიდია ევროპაში. ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ამ ფაქტორს. და არ ხსნის ეს ფაქტორები გაუარესებულ მაჩვენებლებს. ამას ვერც ინვესტიციების ნაკლებობით ახსნი. ევროპის უმეტესი ქვეყნები საგანმანათლებლო სისტემაში გაცილებით მეტს ხარჯავენ ახლა, ვიდრე 5 ან 10 წლის წინ ხარჯავდნენ. ამიტომ ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ განათლების სისტემის მდგომარეობა განაპირობებს ასეთ შედეგს. მე მართლა მიმაჩნია, რომ ამის მიზეზი ახალგაზრდების ქცევაა და ფაქტია, რომ ტექნოლოგიას დიდი გავლენა აქვს ამ ქცევაზე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელმაც მართლა გამაოცა.  PISA შედეგებმა აჩვენა, რომ სწორედ ის მოწაფეები კითხულობენ 100 გვერდზე სქელტანიან წიგნებს, რომლებიც ყველაზე კარგად ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში. ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა - ეს როგორ? მაგრამ თუ დაუკვირდები, როდესაც რთულ წიგნებს კითხულობ, გონებაში უნდა გაიაზრო წაკითხული, რაც ადვილი არ არის, უნდა დაფიქრდე წიგნის სხვადასხვა გმირსა და მათ ურთიერთობაზე. უამრავი რამ უნდა დაიმახსოვრო, გადაამოწმო ინფორმაცია. სწორედ ეს უნარები გვჭირდება ციფრულ ეპოქაში. ასე რომ, თანამედროვეობისთვის აუცლებელი ზოგიერთი უნარ-ჩვევა, შესაძლოა, ყველაზე უკეთ სწორედ ვირტუალურ სამყაროში შეიმუშაო“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „ისევ გასული წლის შედეგებს რომ დავუბრუნდეთ. ჩემი აზრით, ევროპის შედეგები საკმაოდ არაერთგვაროვანია. ეს განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებს ეხება. წარმატებული მაგალითებიც გვხვდება, თუნდაც ესტოენთში. მაინც სად ხედავთ დღეს ყველაზე მეტ გაუარესებას? და როგორ უნდა ითანამშრომლონ ევროპელებმა უკეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანას საქმე კარგად მისდის? აუცილებლად მოიძებნება თანამშრომლობის გზები, რათა ევრობლოკში უფრო თანმიმდევრული სტანდარტი დამკვიდრდეს“.

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „ნამდვილად ასეა. ყველაზე დიდი ვარდნა ევროპის დიდ ქვეყნებშია, მათ შორის არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. ყველაზე საინტერესო გამოსავალი პერიფერიებში მოძებნეს, როგორც წესი, მცირე, დინამიკურმა ეკონომიკებმა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია მათგან. ამ დიდ ქვეყნებს ვურჩევდი, რომ გარეთაც გაეხედათ. ზოგჯერ ყველაზე ინოვაციური იდეა შენს ცხვირწინ სულაც არ დევს. ისინი მაშინ გამოჩნდება, როდესაც გვერდზეც გაიხედავ და ინოვაციურ სამუშაოებს ჩაატარებ. თქვენ ესტონეთი ახსენეთ. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ქვეყნისა, რომელიც წარმატებულია და თან ციფრულ ტექნოლოგიებს ძალიან ფრთხილად, მაგრამ გონივრულად და პროდუქტიულად ავითარებს. ავიღოთ სლოვაკეთის რესპუბლიკა. მათ საკმაოდ უმნიშვნელო მაჩვენებლებით დაიწყეს და ძალიან კარგ შედეგებზე გავიდნენ იმ დროს, როცა დანარჩენების მონაცემები გაუარესდა. ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთია კიდევ ერთი მაგალითი. ასე რომ, ევროპაში პრობლემის გადაჭრის საკმაოდ საინტერესო გზები უკვე არსებობს. უბრალოდ მათ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „და ბოლოს, თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს ტესტები 90-იანი წლების ბოლოს შექმენით. თუ გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ ტესტებში ხართ ჩართული, როგორ გგონიათ, სად შეიძლება ვიყოთ 2040 ან თუნდაც 2050 წლისთვის? არსებული ტენდენციის მიხედვით, საით მივდივართ?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი: „ჩემი აზრით, ძალიან სწრაფად განვითარდება ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელად უნდა შეიძინონ როგორც ახალგაზრდებმა, ისე უფროსებმა. ყველაზე ადვილია სწორედ იმ საკითხების გაციფრულება, რომლებიც ადვილად ისწავლება და ადვილად იტესტება. ამიტომ ისინი ქრებიან. მაგრამ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ეთიკური გადაწყვეტილების მიღების უნარი, რთულ ადამიანურ ურთიერთობებში გარკვევისა და სრულიად ახალი, აქამდე არნახული კონცეფციის შექმნის უნარი. ინფორმაციის პასიური მომხმარებელი მოწაფეების დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს მოწაფეები უნდა გააქტიურდნენ. მონაწილეობა უნდა მიიღონ სწავლის პროცესში, უნდა გამოთქვან მოსაზრება, თუ რისი სწავლა სურთ, როგორ და სად, ან თუნდაც ცხოვრების რომელ ეტაპზე“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „მაგრამ თუ შეიძლება მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომლებიც გვიყურებენ, უთხრათ, მაინც როგორ უნდა დაეხმარონ სწავლის ასეთ პროცესს?“

ანდრეას შლაიხერი, PISA ტესტის დამფუძნებელი:  „მშობლების კუთხით პასუხი ძალიან მარტივია.  PISA მონაცემებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მიგნება, ჩემი აზრით, ის არის, რომ ევროპაში მშობლებს განათლების მიმართ მკვეთრად შეუმცირდათ ინტერესი. და ეს არ გულისხმობს სამზარეულოს მაგიდასთან გატარებულ სამ საათს, როდესაც თქვენს შვილს საშინაო დავალებას აკეთებინებთ. ეს უფრო ეხება დამოკიდებულებას, უნდა დაანახოთ საკუთარ შვილებს, რომ ის საკითხები, რომლებსაც ისინი სკოლაში გადიან, თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. როდესაც მშობლები შვილებს ყოველდღე უბრალოდ ეკითხებიან: „აბა რა ხდებოდა დღეს სკოლაში?“, ამ შემთხვევაშიც კი ასეთი ბავშვები ორი სასწავლო წლით უსწრებენ სხვებს. აი, რა ევალებათ მშობლებს: განათლების სისტემის უბრალო კლიენტები კი არ უნდა იყვნენ, არამედ მისი მონაწილე. რაც შეეხება პედაგოგებს: საკმარისი არ არის, იყო კარგი ინსტრუქტორი. უნდა იქცე ბრწყინვალე მწვრთნელად, კარგ მენტორად, დამხმარედ და ზოგჯერ სოციალურ მუშაკადაც. გულწრფელად უნდა დაინტერესდეთ, თუ რას წარმაოდგენენ თქვენი მოწაფეები და ვინ უნდათ, რომ გახდნენ და გვერდით დაუდგეთ ამ გზაზე. რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ მეტი დრო უნდა მისცეს პედაგოგს და მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლა“.

ავტორები: მარედ გვინ ჯონსი და ლორენ უოლკერი  

დაკავშირებული ამბები
PISA ტესტის დამფუძნებელი: ახალგაზრდობა აუცილებელ უნარ-ჩვევებს კარგავს, ხელოვნური ინტელექტი მათ პოტენციალს „აცარიელებს“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ევროპას სურს იყოს ამერიკის მტკიცე პარტნიორი მთვარის ათვისების ირგვლივ გამართულ მარათონში“