მოსკოვი ვერ შეძლებს, ვაშინგტონთან შეთანხმების გზით უკრაინას დანებება აიძულოს, რადგან ევროპა კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსებს სურთ, შეერთებულ შტატებთან ისაუბრონ და მოლაპარაკებები აწარმოონ, რათა ამერიკამ მათთვის სასურველი შედეგი უზრუნველყოს. თუმცა ჩვენ რუსეთის მიმართ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ევროპელებთანაც უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმღალესმა წარმომადგენელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებასა და „ენერგეტიკულ ზავზე“ დასმულ კითხვაზე პასუხად კალასმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის აშკარა საჩუქარია.
„საკითხავია, რა დათმო მან სანაცვლოდ? რასაც ვხედავთ, ისაა, რომ რუსეთი რეალურად მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს. რეალურად რუსეთის მხრიდან გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც არ სრულდება“, – თქვა კაია კალასმა.
მანვე ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების თაობაზეც და თქვა, რომ მთავარია რუსეთმა ომი დაასრულოს და ეს ამ თავდასხმებსაც თავისთავად შეწყვეტს.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ ამ ომის დაფინანსების უდიდესი ნაწილი სწორედ ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. „სწორედ ამიტომ უკრაინა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უტევს – მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, რათა მოახლოებული ზამთრის განმავლობაში უკრაინელ მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი ტანჯვა მიაყენოს“, – თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა
კაია კალასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლა აგრესორისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მსხვერპლისკენ. მისი თქმით, ევროპა ამ პოზიციას მუდმივად იცავდა.
