კატეგორიები

„ჩრდილოეთის ნაკადი“: გერმანიაში დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს საქმის განხილვა

„ჩრდილოეთის ნაკადი“: გერმანიაში დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს საქმის განხილვა
14 ოქტომბერს გერმანიის სასამართლომ დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს საქმის განხილვა, რომელსაც ბრალად ედება წელს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქება.

საუბარია 2022 წლის სექტემბერში მომხდარზე, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ბალტიის ზღვის ფსკერზე მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაზიანდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოთხი განშტოებიდან სამი. ყველა მათგანი ევროპაში რუსული გაზის მიწოდებისთვის იყო განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ზოგიერთმა პირმა მომხდარში მოსკოვი დაადანაშაულა, საკუთარი საექსპორტო მარშრუტის წინააღმდეგ დივერსიის მოწყობაში, გერმანელმა გამომძიებლებმა გამოავლინეს უკრაინის მოქალაქეთა ჯგუფი, რომლის წევრებსაც ოპერაციის უშუალო შემსრულებლებად მიიჩნევენ.

გამოძიების ვერსიით, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი ოფიცერი სერგეი კუზნეცოვი  ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ მყვინთავები, ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტი და გემის კაპიტანი. სწორედ მათ განათავსეს ასაფეთქებელი ნივთიერებები გაზსადენებზე.

კუზნეცოვს, რომელიც გასულ წელს იტალიაში დააკავეს და შემდეგ გერმანიას გადასცეს, ბრალს წაუყენებენ, მათ შორის - „ომის დანაშაულის“ ჩადენაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმასა და აფეთქების ორგანიზებაში.

ჰამბურგში სასამართლო მოსმენების დაწყებამდე, სასამართლოს შენობასთან უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა მცირე საპროტესტო აქცია გამართეს.

„აქ ვართ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა სერჰი კუზნეცოვის მიმართ და მხარი დავუჭიროთ მას, რადგან მისთვის დღეს აშკარად ძალიან რთული დღეა და ეს სირთულეები სასამართლო პროცესის ბოლომდე გაგრძელდება.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, დამნაშავეა თუ არა სერჰი. თუმცა, ჩვენ მის გვერდით უნდა ვიდგეთ და მხარი დავუჭიროთ მას, მიუხედავად ყველაფრისა“, - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ივან კურიცინი.

ბრალდების დასკვნის თანახმად, კუზნეცოვი გერმანიაში 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში ყალბი უკრაინული პასპორტით ჩავიდა და დივერსიული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე გერმანული პორტის, როსტოკის, ნავსადგურში დაქირავებულ იახტაზე ავიდა.

ბრალდების მტკიცებულებების მიხედვით, იახტა დიდი რაოდენობით სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთეს, რის შემდეგაც ის ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების მიმართულებით გაემართა.

გამოძიების ვერსიით, შემდეგ მყვინთავებმა გაზსადენებზე ტაიმერიანი ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ ამოქმედდა.

„ომის დანაშაულის შესახებ ბრალდება, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თავდასხმის ობიექტი - გაზსადენები - არ წარმოადგენდა კანონიერ სამხედრო სამიზნეს და, პირიქით, სამოქალაქო ობიექტებს მიეკუთვნებოდა, ვინაიდან ისინი მხოლოდ გერმანიისა და დასავლეთ ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას ემსახურებოდა“, - განაცხადა ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, შტეფან შმიდტმა.

კუზნეცოვის ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ, გაესაჩივრებინათ გერმანიის სასამართლოს იურისდიქცია ამ თავდასხმებთან დაკავშირებით.

მათ ასევე მიანიშნეს, რომ შესაძლოა წამოაყენონ არგუმენტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის მიერ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში, გაზსადენები კანონიერ სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენდა.

„არ გვაინტერესებს პოლიტიკური ზეწოლა და არც ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც, ჩემი აზრით, თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთადერთი პრინციპი, რომლითაც სასამართლო იხელმძღვანელებს, კანონის უზენაესობაა.

ამ ვითარებაში ჩვენი როლი ბრალდებულის უფლებების დაცვაა, რადგან ის ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა  მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების გამო ვერ იქნება პასუხისმგებლობაში მიცემული. მით უმეტეს, არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს იმის გამო, რომ შესაძლოა, გერმანიამ წლების წინ ენერგეტიკულ პოლიტიკაში არასწორი პარტნიორი აირჩია“, - თქვა ადვოკატმა, ნიკოლა კანესტრინიმ.

კიევი ახლაც უარყოფს ამ დივერსიის ორგანიზებაში საკუთარ მონაწილეობას.

ამავდროულად, უკრაინაში არ მალავენ კმაყოფილებას მისი შედეგებით და აღნიშნავენ, რომ გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანამ მოსკოვს სამხედრო მოქმედებების დაფინანსების შესაძლებლობები შეუზღუდა.

დაკავშირებული ამბები
„ჩრდილოეთის ნაკადი“: გერმანიაში დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს საქმის განხილვა დიდი ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი ბერლინში ფრიდრიხ მერცს შეხვდა