კატეგორიები

ბულგარეთში „აზრს მოკლებულს“ უწოდებენ ვერსიას, რომ უკრაინა საკუთარ გემებს ესხმის თავს

ბულგარეთში „აზრს მოკლებულს“ უწოდებენ ვერსიას, რომ უკრაინა საკუთარ გემებს ესხმის თავს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი „აზრს მოკლებულს“ უწოდებს რუსული მხარისა და ქვეყნის შიგნით, კიევისადმი სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინა საკუთარ გემებს თავად ესხმის თავს.

რუმენ რადევის ეს სიტყვები მოჰყვა ბულგარეთის პარლამენტში საკითხის განხილვას, რომელიც შეეხებოდა შავ ზღვაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რამდენიმედღიანი შუალედით უპილოტო საფრენი აპარატები დაეჯახა მარცვლეულით დატვირთულ კომერციულ გემებს.

მომხდარი ფაქტი სოფიაში პირველად დააკავშირეს რუსეთის ფედერაციასთან.

„აზრს მოკლებულია ის, რომ უკრაინა საკუთარ გემებსა და ეკიპაჟებს თავს ესხმოდეს, მით უმეტეს, როცა ამ თავდასხმების შედეგები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. ლოგიკა, რა თქმა უნდა, სწორედ ამაზე მიუთითებს. პრობლემა ისაა, რომ თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ამის დამტკიცება არ შეგვიძლია. თუ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება გაქვთ, გთხოვთ, წარმოადგინოთ ის, რათა ყველა ბულგარელმა მოისმინოს“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

ინციდენტების სერია ბულგარეთში გაგრძელდა, თუმცა ამჯერად ხმელეთზე. მას შემდეგ, რაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მიწისზედა სადგური პოლონეთში დაიწვა, იგივე მოხდა ქალაქ სოფიის სიახლოვეს მდებარე ანალოგიურ ობიექტზეც.

ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ შემთხვევა დივერსიული აქტის შედეგია და არც მომავალში გამორიცხა ამავე სცენარის გამეორება, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავის შეკავების მოწოდებით გამოდის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი: გამოძიება მიმდინარეობს და ინტენსიურად გრძელდება. მოვუწოდებ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს, ამ ეტაპზე თავი შეიკავოს დეტალების გამჟღავნებისგან, მიუხედავად თქვენი დიდი ინტერესისა.

მეტი ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ დროის საკითხია. პარტნიორ უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ოპერაცია წარმატებით დასრულდეს.

თუ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და პოლიცია ზუსტად გაამჟღავნებენ, თუ რა გამოავლინეს, საფრთხეს შევუქმნით იმ შედეგს, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის თავდასხმების შემთხვევები გახშირდა.

მათ ნაწილს ლიდერები „მოსკოვის დივერსიულ აქტებს“ უწოდებენ, რითაც, როგორც მიაჩნიათ, პუტინის ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გააფართოოს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების არეალი, ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე.

მკაფიო მაგალითებად ლიდერები ასახელებენ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმებს, რომლებიც მხოლოდ კიევის საკუთრებაში არ არის.

დაკავშირებული ამბები
ბულგარეთში „აზრს მოკლებულს“ უწოდებენ ვერსიას, რომ უკრაინა საკუთარ გემებს ესხმის თავს გაერო ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმას გმობს