პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სექტორი „ომის დროის რეჟიმზე“ უნდა გადაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ეს მის მოქალაქეებს სერიოზულ ზიანს მოუტანს.
მაღალჩინოსნის თქმით, სწორედ ამ გზას ადგას ახლა რუსეთი და ამ რეალობაზე თვალის დახუჭვა იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს სტრატეგიული შეცდომა.
თავდაცვითი მრეწველობა ე.წ. „საომარ რელსებზე“ მოსკოვმა ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე გადაიყვანა, რასაც, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, დასავლეთმა თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიაქცია.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე კრემლის დანახარჯები შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ს მიაღწევს.
ესტონეთის დაზვერვის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2025 წელს რუსეთმა დაახლოებით შვიდი მილიონი საარტილერიო, ნაღმტყორცნი, სატანკო და რეაქტიული ჭურვი აწარმოა. მათივე ცნობით, ამჟამად რუსეთის ჯარები უკრაინაზე თავდასხმების დროს დღეში დაახლოებით 10–15 ათას საბრძოლო ჭურვს ხარჯავენ.
ამის საპირისპიროდ, ევროპის თავდაცვის მრეწველობა ათწლეულების განმავლობაში ქრონიკული არასაკმარისი დაფინანსებისა და პარტნიორებს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოების ან დაქსაქსულობის პირობებში ვითარდებოდა.
რუსეთი საბრძოლო მასალის წარმოების ტემპებით ევროკავშირს უსწრებს. ევროპული თავდაცვის მზადყოფნის შესახებ მედიაში გაჟონილი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და ნორვეგია მიმდინარე წელს მხოლოდ დაახლოებით ორ მილიონ 150-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვს აწარმოებს.
ევროპის ქვეყნებისა და NATO-ს წევრების მიერ გადაიარაღების მიმართულებით გაწეულმა ძალისხმევამ სამხედრო ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა გამოიწვია ცივი ომის დასრულების შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნების ჯამური თავდაცვის ხარჯები 418 მილიარდ ევროდ, ანუ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ად არის შეფასებული.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა სწორედ ამ მონაცემების საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპისთვის „დადგა დრო“, საკუთარი თავდაცვისთვის მოემზადოს და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოების მოცულობა მრავალჯერ გაზარდოს.
მისი თქმით, ამ ზომების მიღებაზე უარის თქმა ევროპელებისთვის „ძვირადღირებული“ შეცდომა იქნება, რომელიც „მომავალი თაობების ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება“.
NATO-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის თქმით, თავდაცვის ხარჯების მშპ-სთან შეფარდებით პოლონეთი მოწინავე ქვეყნების რიგშია და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7%-ს ხარჯავს.
