დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინას ზედიზედ მეორე ღამის განმავლობაში არ მიუღია სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის იერიშების შესახებ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ისევ რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა - წინასწარი სადაზვერვო მონაცემების გარეშე კი დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან მოსახლეობას სულ რამდენიმე წამი რჩება თავშესაფრებში გადასასვლელად, უკრაინულმა საჰაერო სისტემებმა კი რაკეტების შემჩნევა მხოლოდ ქალაქთან მოახლოებისას შეძლეს.
ზელენსკის განცხადებით, მოსკოვის სამიზნედ იქცა კიევის თბოელექტროსადგური და საცხოვრებელი კორპუსები. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედებს „ენერგეტიკული შეთანხმება“, ე.წ. „ზავი“, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, შეწყვიტონ იერიშების მიტანა ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, რომ რუსეთმა უკრაინის ექვს ენერგოობიექტს შეუტია, თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა, რომ ამას წინა დღეს უძღოდა კიევის მხრიდან მიტანილი „ბევრი იერიში“, ხოლო მოსაზრებაზე, დაარღვია თუ არა მოსკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ტრამპის პასუხი ასეთი იყო:
„ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ ისინი ერთმანეთს უტევენ, თუმცა, ეს ყველაფერი ოდესმე დასრულდება. ორივეს უნდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას.
დიზელის შეთანხმება მსოფლიოსთვის დადებული შეთანხმებაა და არა ჩვენთვის. ეს არის გზა, რომ მსოფლიოს დიდი რაოდენობით ნავთობი მიეწოდოს. ეს ჩემთან დადებული შეთანხმება არ არის. ეს მსოფლიოსთვის დადებული შეთანხმებაა და, სხვათა შორის, მან ფასებიც შეამცირა.“
შტატების პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, შეწყვიტა თუ არა ვაშინგტონმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი მასირებული დარტყმების შესახებ, რაც ტრამპმა უარყო.
პარალელურად, უკრაინული მედიის ცნობით, სადაზვერვო ცნობის არარსებობა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ახსნეს „არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობებით“, რასაც კიევის ოფიციალურმა პირებმა „არასარწმუნო მიზეზი“ უწოდეს. მათივე ვარაუდით, ეს ნაბიჯი ვაშინგტონმა გადადგა ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობისა და მოსკოვთან გაფორმებული დიზელის შეთანხმების ფონზე.
უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გლოვობენ რუსული აგრესიისას დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. მორიგი მძიმე ღამის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება კიევში.
„სამი სახლი დაიბომბა: ერთი ჩემს უკან, მეორე მარცხნივ, ხოლო მესამე ასევე ჩემს უკან. ამჟამად მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აქ არც ერთი სამხედრო ობიექტი არ არის. უკან სკოლაა, წინ - საბავშვო ბაღი, მარცხნივ კი სასურსათო მაღაზიაა. ეს მთლიანად სამოქალაქო დასახლებაა.
ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა პრობლემურმა მეზობელმა გამოიწვია - მეზობელმა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მიმართ წყენა აქვთ. დაზარალდნენ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ჩემთვის ეს შედარებით მარტივია, რადგან ვეტერანი ვარ. ჩემს ოჯახზე ვნერვიულობ. ვცდილობთ, განგაშის სიგნალებს სათანადოდ ვუპასუხოთ, მაგრამ, როგორც თავადაც ახლახან ნახეთ, განგაში ჩაირთო და აფეთქებებიც მაშინვე მოჰყვა“, - ამბობს ევჰენი დეინეკო, კიევში მცხოვრები ომის ვეტერანი.
„ტელეფონზე განგაშის სიგნალი ჩაირთო - მივიღე გაფრთხილება რაკეტის გაშვების შესახებ. ბავშვებს ხელი სწრაფად დავავლე და სწორედ ამ დროს აფეთქება მოხდა. ბავშვებს დერეფნისკენ ვუბიძგე, მე კი კართან დავრჩი.
მხოლოდ აფეთქების შედეგად გაფანტული ნამსხვრევებით დავზიანდი და, ღმერთს მადლობა, რომ კარი ანჯამებიდან მთლიანად ამოვარდა და არ გაიჭედა - რადგან ვიცი, მეზობლებს კარები ჩაეკეტათ და ვეღარ აღებდნენ. არ ვიცი, მოახერხეს თუ არა მათი გამოყვანა.
ღმერთს მადლობა, რომ ჩემი კარები მთლიანად მოგლიჯა და გადაისროლა - შესაძლოა, პირდაპირ ქუჩაშიც კი, ზუსტად არ ვიცი.
მაშინვე ბავშვებს დავავლე ხელი - კისერში ჩავავლე და გარეთ გავიყვანე. შემდეგ უკანვე შევვარდი, რომ შეძლებისდაგვარად ყველა გამომეყვანა, დაშავებულებისთვის ჭრილობები შემეხვია და ყველაფერი გამეკეთებინა, რაც იმ მომენტში შესაძლებელი იყო.
არაფრის აღარ გვჯერა. ყველა სიტყვა ფუჭია. ვერც რუსეთს ვენდობით და ვერც ამერიკას - რაც არ უნდა ილაპარაკონ. მაგრამ ვერც ჩვენებს ვენდობით. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში ერთი თავშესაფარიც რომ არ ააშენო, ეს უკვე აბსურდია.
ბალისტიკური რაკეტების და სხვა ჭურვების ფრენის პირობებში თავშესაფრები ყველა ეზოში უნდა იყოს. სინამდვილეში კი, დასამალიც არსად გვაქვს“, - თქვა ანდრი პარხომჩუკმა, კიევის მცხოვრებმა.
რამდენიმე სახლი დაზიანდა უკრაინის დასავლეთით, ლვივის ოლქშიც, სადაც რუსეთმა როგორც რაკეტები, ისე უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
„საშინელებაა. ამას რომ ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს ჩემი სახლია და ყველაფერი განადგურებულია. ყველაფერი, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვშრომობდით - მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ვაშენებდით, ვცდილობდით, ყველაფერი საუკეთესო გაგვეკეთებინა.
ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნებოდა: „ეს მხოლოდ ჩვენთვის არ არის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც არისო“, მაგრამ საბოლოოდ რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. ყველაფერი“, - ამბობს ლვივის მცხოვრები მარია.
სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა ქალაქ რივნეს სახელმწიფო ჰუმანიტარულ ინსტიტუტზე თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თითქმის სრულადაა დამწვარი მუსიკალური ხელოვნების ფაკულტეტის შენობა.
უკრაინაში ელიან, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი კიდევ უფრო მძლავრად შეუტევს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურას და, პარალელურად, სამოქალაქო ობიექტებსაც, რათა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლება აიძულოს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას კრემლის პირობებით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმით.
თუმცა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 62% მზად არის, გაუძლოს ომს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
