ტრამპის მტკიცებით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ მოქმედებს, მიუხედავად ცნობებისა, რომ მოსკოვმა კიევის ენერგოსისტემას ღამის განმავლობაში კვლავ მძლავრად შეუტია და, ამავდროულად, იერიშები მიიტანა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე როგორც დედაქალაქში, ისე ხარკივში, დნიპრსა და ლვივში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ოჰაიოში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამგზავრებამდე, თეთრი სახლის ლიდერმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ დარტყმების შესახებ არაფერი იცის და დარწმუნებულია მხარეებს შორის გაფორმებული ზავის სრულყოფილად მოქმედებაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს იმაზე, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე დაარღვია და გასულ ღამეს უკრაინას შეუტია, ტრამპმა უპასუხა:
„არ ვარ დარწმუნებული. ამას გადავამოწმებთ. ერთი რამ ვიცი - ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ამ აბსურდულ ომს ბოლო მოუღონ. ამ თვეში ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს და ეს სრული აბსურდია. ამიტომ მათ უნდა დასხდნენ ერთად და ეს საკითხი მოაგვარონ… ისინი შეთანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი: «შეთანხმდით». სწორედ ამიტომ. ისინი შეთანხმდნენ, რადგან მე ვთქვი, რომ შეთანხმდნენ და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს ომი კატასტროფაა. ნახეთ ამ თვეში გამოქვეყნებული მონაცემები? 32 000 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად სამხედროები. ახალგაზრდები. 32 000 დაღუპული ადამიანი. ეს ომი უნდა დასრულდეს“.
მისივე თქმით, უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია, რადგან „დარღვევები ორივე მხარეს იყო“.
მოგვიანებით შტატების პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ, როგორც იცის, პუტინს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა ახლა ამაში ზელენსკის დარწმუნებაა საჭირო.
თავად უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან გარკვეული წნეხის სამიზნედ იქცა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. გარდა იმისა, რომ მან კიევი დაადანაშაულა გლობალურ ბაზარზე დიზელის ფასის ზრდაში, გასულ უქმეებზე ტრამპმა უკრაინისთვის ახალი ლიდერის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ომის დასრულებას.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის როგორც ენერგეტიკული ზავისთვის, ისე არჩევნების ჩასატარებლად 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ნაბიჯს რუსეთიც გადადგამს.
„ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის დანაკარგები გაიზარდა. მხოლოდ დობროპილიის რაიონში რუსები ყოველდღიურად დაახლოებით 200 სამხედროს კარგავენ. მათ ასევე ბევრი მძიმედ დაჭრილი ჰყავთ. ჩვენ მტრის წინსვლისა და შეღწევის ყველა მცდელობას ვიგერიებთ...
ამერიკის პრეზიდენტის გუნდთან სრულიად კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ჩვენი მოლაპარაკებების გუნდი მათთან თითქმის ყოველდღიურად მართავს დისტანციურ შეხვედრებს.
ამერიკაში ყველამ იცის ჩვენი პოზიცია და ბევრი მხარს უჭერს სწორედ ამ პოზიციას - ყველაფერი სამართლიანი უნდა იყოს.
უკრაინა მზად არის ენერგეტიკულ ზავზე და სწორედ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ასეთი ზავის დადება. რუსეთმაც უნდა გადადგას საკუთარი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისა და სიჩუმის რეჟიმის დასამყარებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, მოსკოვი სულ არ არის მზად ამ პირობებზე. კრემლიც მოითხოვს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების ცვლილებას - არგუმენტით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური უფლებამოსილების ვადა ამოწურულია, არადა უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საომარ მოქმედებაში კენჭისყრის პროცესის ჩატარება დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეოთხედს რუსული ოკუპაციის ქვეშაა.
მოსკოვში განაცხადეს, რომ მზად არიან, მხოლოდ არჩევნების დღეს გასცენ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება და არა 60 დღით.
„რეალობა ისაა, რომ კიევს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ სურს. ეს სრულიად აშკარაა. მათ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არჩევნების ჩასატარებლად კი არ სჭირდებათ, არამედ ძალების გადასაჯგუფებლად, ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად.
თუ კიევს ნამდვილად სურს არჩევნების ჩატარება, მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მზად იქნება გასცეს ბრძანება, რომ უკრაინაზე დარტყმები შეწყდეს არჩევნების დღეს - კონკრეტულად, არჩევნების დღეს“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
მხარეთა განცხადებების პარალელურად რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით იერიშისას 2 ადამიანი დაიღუპა.
ხარკივში საჰაერო დარტყმებს მრავალბინიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში ნაპოვნია ცხედარი.
ამას გარდა, უკრაინული მედია აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვმა დაარტყა ვინიცაში მდებარე Roshen-ის ქარხანას.
