კატეგორიები

შავ ზღვაში ახალი თავდასხმის შემდეგ ოფიციალური სოფია რუსეთის ელჩს იბარებს

შავ ზღვაში ახალი თავდასხმის შემდეგ ოფიციალური სოფია რუსეთის ელჩს იბარებს

შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში დრონებმა კიდევ ორ გემს დაარტყეს, მათგან ერთი, კრაპეცის აღმოსავლეთით ჩაიძირა,ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩა. მეორე სატვირთო ხომალდი სამაშველო სამსახურებმა ვარნას პორტში უსაფრთხოდ მიაცილეს. ეკიპაჟის წევრებს სამედიცინო დახმარებაგაეწიათ, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ბორტზე უკრაინის 7 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქე იმყოფებოდა. გემი უკრაინის საკუთრებაა, ის ოდესაშია რეგისტრირებული,თუმცა მალტის დროშის ქვეშ ცურავს.

ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბულგარეთზე ბოლო 1 კვირაში უკვე მეორე ამგვარი იერიში უშიშროების საბჭოს ჩანიშვნის საბაბი გახდა. ერთერთი გემის ჩაძირვის ამბავი საბჭოს წევრებმა სწორედ სხდომის მიმდინარეობის დროს შეიტყვეს.
შედეგად ქვეყნის პრემიერმა, რუმენ რადევმა პირველად ახსენა რუსეთის ფედერაცია,როგორც მხარე,რომელიც მომხდარით ყველაზე მეტად სარგებლობს. მან რუსეთის ელჩი დაიბარა,რათა მისგან ახსნა-განმარტებები მოისმინოს.თავად ბულგარეთში აკრედიტებული რუსულ საელჩოში აღნიშნავენ, რომ დასახელებული გემი, სახელად „ჩელსი 3“ რუსეთის სამიზნეებს შორის არ ყოფილა.

„ეს სრულიად მიუღებელია - ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან უშუალო სიახლოვეს თავდასხმა ისევ განხორციელდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ნატოში ბულგარეთის მუდმივი წარმომადგენელი,იგივე ეხება ევროკავშირში ჩვენს წარმომადგენლობას. დაგეგმილი მაქვს საუბარი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.ბულგარეთი გამოძიებაში დახმარების მიღებას კვლავ ცდილობს. ამ დროისთვის უკვე სამ გემზე განხორციელდა თავდასხმა. აუცილებელია, ზუსტად დავადგინოთ, რომელი ქვეყანაა პასუხისმგებელი იმ დრონებზე, რომლებმაც ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან ასე ახლოს მცურავ გემებს დაარტყეს. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ და დაჟინებით დავაყენებთ საკითხს, რომ გაგვეწიოს დახმარება ჩვენი საჰაერო სივრცისა და საზღვაო ზონების მონიტორინგის გაუმჯობესებისა და რეაგირების  გაძლიერების მიმართულებით. როგორც უკვე განვაცხადე, არ გვაქვს მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც რომელიმე კონკრეტული მხარის დადანაშაულების საფუძველს მოგვცემდა. თუმცა, ლოგიკა გვკარნახობს - და ესეც უკვე აღვნიშნე - რომ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის. სწორედ ამიტომ, დღეს შეხვედრაზე ვიბარებ ელჩ მიტროფანოვას“-აღნიშნა ** ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა,რუმენ რადევმა.**

ბულგარეთმა უკვე მოიწვია რუმინეთისა და თურქეთის წარმომადგენლობები, რათა შავ ზღვაში სატვირთო გემების მიმოსვლის უსაფრთხოების ირგვლივ ახალი სტრატეგიები აამოქმედონ. საგულისხმოა,რომ რამდენიმე დღის წინ თავდასხმის ქვეშ მოხვდა რუმინეთში მცურავი თურქული კომპანიის კუთვნილი სატვირთო გემი, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა. ფაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიებაში უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, რომელიც შემთხვევის უკან რუსულ კვალზე საუბრობდა.

3 საჰაერო დრონით ხომალდებზე მიტანილმა ბოლო იერიშებმა განაახლა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე, მათ შორის რეგიონში ევროოკავშირისა თუ ნატოს უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში.

დაკავშირებული ამბები
შავ ზღვაში ახალი თავდასხმის შემდეგ ოფიციალური სოფია რუსეთის ელჩს იბარებს ბულგარეთის სანაპიროსთან ორ კომერციულ გემს დრონებით თავს დაესხნენ - ერთი ბორტი ჩაიძირა