კატეგორიები

ფხენიანი სამხრეთ კორეის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანევრებს აფართოებს

ფხენიანი სამხრეთ კორეის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანევრებს აფართოებს

ფხენიანსა და სეულს შორის დაძაბულობა მწვავდება.

კიმ ჩენ ინისა და მისი ხელისუფლების მკაცრი განცხადებები ეტაპობრივად ქმედებებში გადადის და ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეის მიმართ მტრული რიტორიკის პარალელურად, ახლა უკვე საკუთარ არსენალში არსებულ შეიარაღებასაც იყენებს - მართალია, არა უშუალოდ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც სეულში ამბობენ, აშკარად იმის დემონსტრირებისთვის, რომ ფხენიანი, საჭიროების შემთხვევაში, „სრულ სამხედრო მზადყოფნაშია“.

13 ოქტომბერს სამხრეთკორეელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი „განუწყვეტლივ აფიქსირებდნენ“ აფეთქებების ხმებს ჩრდილოეთ კორეის სანაპირო რაიონებიდან, რომლებიც ორ ქვეყანას შორის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

გასულ კვირას იაპონური მაუწყებლის, NHK-ის მიერ გადაღებულ კადრებში, საზღვრის ჩრდილოეთ კორეის მხარეს, ჯოგანგის მდინარის გასწვრივ, რამდენიმე აფეთქება ჩანდა.

NHK-მა გასულ კვირაშიც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხარეს გარკვეული სამხედრო მანევრები შეინიშნებოდა.

ამ ყოველივეს წინ უძღოდა 12 ოქტომბრის გამთენიისას იაპონიის ზღვის მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა. სეულის ცნობით, გამშვები პუნქტი დედაქალაქ ფხენიანის შემოგარენში მდებარეობდა, ფრენის მანძილმა კი დაახლოებით 900 კილომეტრი შეადგინა.

მომხდარის გამო, სეულში ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზაობის მაჩვენებლის შესაფასებლად.

რაკეტების გაშვება დაგმო იაპონიამაც. ტოკიოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ მსგავსი ტიპის, სულ მცირე, 18 საფრენი აპარატი გაუშვა, რაც რაოდენობრივად წინა წელს ორჯერ აღემატება.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფხენიანის ქმედებების სერია, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების განმეორებითი გაშვება, საფრთხეს უქმნის არამხოლოდ იაპონიას, არამედ მთლიანად რეგიონსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

მაღალჩინოსანმა კიმ ჩენ ინის მთავრობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „სერიოზულ“ დარღვევაში დაადანაშაულა.

თავად კიმ ჩენ ინი არ მალავს, რომ სეულისა და ტოკიოსადმი მტრულადაა განწყობილი. მის პერიოდულ მიმართვებში ის აცხადებს, რომ სამხრეთიდან მომავალი საფრთხე „რეალურია“, რისთვისაც ფხენიანი სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს.

დაკავშირებული ამბები
ფხენიანი სამხრეთ კორეის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანევრებს აფართოებს აშშ-რუსეთის „დიზელის შეთანხმებას“ ყოფილი სახელმწიფო მდივანი აკრიტიკებს