დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თეთრი სახლის ლიდერს აკრიტიკებს რუსულ დიზელზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ვაშინგტონის მხრიდან „შეცდომას“ უწოდებს მოსკოვისგან დიზელის შესყიდვას.
ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდში რთულ მდგომარეობაში მყოფი ტრამპის იძულებითი ქმედება:
„ვფიქრობ, ეს შეცდომაა. სხვათა შორის, ევროპელები კვლავაც ყიდულობენ ენერგორესურსებს რუსეთისგან და ესეც შეცდომაა. არა, ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ არანაირი რესურსი რუსეთის რეჟიმს... ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ტაქტიკური შეცდომაა. ვნახოთ, რეალურად რა შედეგი მოჰყვება ამას. ვნახოთ, საერთოდ მოგვაწვდიან თუ არა დიზელის საწვავს, მაგრამ ვფიქრობ, ტაქტიკური შეცდომაა, თუნდაც ვლადიმირ პუტინს გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური ზეწოლა შევუმსუბუქოთ და მის ეკონომიკას კისერზე მოჭერილი მარყუჟი მოვუშვათ“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2018-2021 წლებში მაიკ პომპეო.
შტატების პრეზიდენტის შეთანხმება მოულოდნელი აღმოჩნდა მისივე თანაგუნდელებისთვისაც - განსაკუთრებით იმ „რესპუბლიკელებს“ შორის, რომლებიც პროუკრაინულად არიან განწყობილი და მაქსიმალურად უჭერენ მხარს მოსკოვზე წნეხის გაზრდას - სწორედ იმას, რასაც უკვე მეხუთე წელია, კიევი მოითხოვს ვაშინგტონისგანაც და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგანაც.
„ვფიქრობ, ეს „რესპუბლიკელები“, ალბათ, სერიოზულად არ საუბრობენ. ჩვენ ძალიან ბევრ ნავთობს ვაწარმოებთ. შეგვიძლია ნავთობის მიწოდებაზე შეზღუდვები დავაწესოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დანარჩენი მსოფლიო ძალიან დაზარალდება.
შეგვიძლია დიზელის საწვავის მიწოდებაზეც დავაწესოთ შეზღუდვა და მთელი მარაგი ჩვენთვის შევინარჩუნოთ. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება. ეს შეთანხმება რეალურად ჩემთვის კი არა, დანარჩენი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, თუ რაიმე შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ფერმერებსა და რანჩოების მფლობელებს, მე ამას მხარს ვუჭერ.
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ზელენსკი შეთანხმების მიღწევაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა ამ საკითხზე საუბარზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ახლო წარსულში დონალდ ტრამპი მაღალი ტარიფების დაწესებით ემუქრებოდა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსულ ნავთობს შეისყიდდა. ამ სიაში იყვნენ ინდოეთი და ჩინეთიც.
შტატების პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, რასაც ნოემბერში კიდევ 500 000 ტონა მოჰყვება, ხოლო ამის შემდეგ - კიდევ 1 მილიონი ტონა.
ტრამპის თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესა და მსოფლიო ბაზარს დამატებით 3 მილიონ ტონა დიზელის საწვავსაც მიაწვდის „მოკლე პერიოდში“.
უცნობია, როგორ აპირებს მოსკოვი ამ რაოდენობის დიზელის მიწოდებას იმ ფონზე, როდესაც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს უკრაინული დარტყმების გამო.
