ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას უკრაინასა და რუსეთს შორის „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ გამოაცხადა და ამით დიდი გაურკვევლობაც გამოიწვია. განცხადება კიევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსკოვში მას დუმილით შეხვდნენ, დასავლელ მოკავშირეებს შორის კი შეთანხმებამ მხარდაჭერა მოიპოვა.
თუმცა, მისი სანდოობა ეჭვქვეშ მალევე დადგა: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვირას რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში, მათ შორის დედაქალაქსა და ხარკივში.
შეთანხმების შესახებ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსულ დიზელის საწვავზე დაწესებული ამერიკული სანქციების დროებით შემსუბუქების შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ ევროპელი მოკავშირეებისა და კიევის აღშფოთება გამოიწვია. მათი შეფასებით, ეს ვლადიმერ პუტინს მხოლოდ წაახალისებს.
„ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში ენერგეტიკული ზავი მოქმედებს. ორივე მხარე შეთანხმდა!“ – დაწერა ტრამპმა კვირა დილით სოციაურ ქსელში.
როგორც ჩანს, ზელენსკისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო. მან თქვა, რომ შეთანხმების შესახებ დამატებით დეტალებს ელოდა, და დასძინა, რომ უკრაინა ზავს მხარს უჭერს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი პირობები რუსეთმაც შეასრულოს.
„რა თქმა უნდა, უკრაინა შეერთებულ შტატებთან კონტაქტს ყველა დონეზე ინარჩუნებს. მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, რომელიც ომის ამ წლების განმავლობაში ჩვენ, უკრაინას, მხარს გვიჭერდა და რომელსაც სურს, რომ რუსეთმა ჩვენი და ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურება და სხვა ერების ცხოვრების დანგრევა ვერ შეძლოს. ჩვენი პოზიცია ყოველთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და გულწრფელი იყო – უკრაინას ეს ომი არასოდეს სურდა, ერთი წამითაც კი, არათუ სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც უკვე ხუთი წელია გრძელდება. და ჩვენ მზად ვართ, მის დასასრულებლად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ.
უკრაინამ დეესკალაციისკენ მიმართული არაერთი ნაბიჯის გადადგმის ინიციატივა გამოიჩინა. პუტინს ყველა მათგანზე ერთი პასუხი ჰქონდა – „არა“. იმედი გვაქვს, რომ ის ბოლოს და ბოლოს ამერიკას, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს რაღაც განსხვავებულს ეტყვის. რამეს მკვლელობისა და სიცრუის მიღმა. რამეს, რაც რეალურ და ღირსეულ მშვიდობამდე მიგვიყვანს. უკრაინას მშვიდობა სურს. საკითხავი ის არის, რუსეთს უნდა თუ არა ეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გასულ კვირაში დიზელის საწვავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიღწეულ მიღწეულმა შეთანხმებამ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ზელენსკიმ შეთანხმებას „სუსტი გადაწყვეტილება“ უწოდა. ამავდროულად უკრაინის რამდენიმე ევროპელმა მოკავშირემ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების პირობა დადო.
კვირას შვიდმა ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის ოთხმა რესპუბლიკელმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთთან დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკეს და მას უკანონოც უწოდეს.
შაბათს ამ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ეს ომი არც კი დაიწყებოდა.
„მე ამას სხვაგვარად ვუყურებ. ზელენსკის ამ ომის დასრულება ბევრჯერ შეეძლო. ძალიან, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ძალიან რთული ვითარებაა. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი – არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ და პრეზიდენტი ვყოფილიყავი – ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა. მას ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო და ამაზე უარი თქვა. ჩვენ ვუთხარით: რუსეთს შეგიძლია რაც გინდა ის უქნა, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა, რადგან ეს მთელ მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. მას კი სურს, მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას. სურს, ჩვენს ფერმერებსა და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნას, რადგან რუსეთი მსოფლიოს მის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. ჩვენ ვუთხარით: „რაც გინდა, გააკეთე, მაგრამ დიზელის საწვავს ნუ დაარტყამ, რადგან ისედაც დიდი პრობლემაა, დიდი დეფიციტია“. და რას აკეთებს ის? მიდის და სწორედ ამას ურტყამს.
უკრაინასა და რუსეთს შორის ამ ომის დაწყების არავითარი მიზეზი არ არსებობდა. ეს არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო. საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 30% უკვე დაკარგული არ გექნებოდათ. თქვენი ქვეყნის 30% დაკარგეთ და მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორივე მხარეს ორ მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, და ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ზელენსკიმ საპასუხოდ ABC News-ს განუცხადა, რომ უკრაინის ლიდერის არჩევა მისივე ხალხის საქმეა. მანვე თქვა, რომ თუკი ვლადიმერ პუტინს 60 დღიან ზავზე დაითანხმებენ, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს.
„უთხარით პუტინს, ორი თვე მოგვცეს – ცეცხლის სრული შეწყვეტის 60 დღე. 60 დღე, და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ.
ეს შეთანხმება პუტინს ფულს აძლევს, ის კი ამ ფულს მხოლოდ ამ ომში ხარჯავს – ჩვენს დასახოცად, ჩვენი შვილების დასახოცად“.
ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, და რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაც. ვიმედოვნებ, ამ ერთიანობას შევინარჩუნებთ – ევროპისა და შეერთებული შტატების. სხვათა შორის, ეს მარტივი არ არის“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს სისტემატურად ესხმის. საპასუხოდ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უტევს, რომლებიც, კიევის თანახმად, ომის და ფინანსებას ემსახურება.
თებერვლის ბოლოს ტრამპის მიერ ირანში დაწყებულმა ომმა ნავთობის დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც მომავალი თვის დასაწყისში ჩანიშნული შუალედური არჩევნების წინ მისი რესპუბლიკური პარტიისთვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის.
