წლის დასაწყისიდან მოყოლებული მხოლოდ მონბლანის მასივში ქვათაცვენის დაახლოებით 450 შემთხვევა აღირიცხა. ეს რეგიონისთვის საგანგაშო მაჩვენებელია, თანაც იმ პერიოდში, რომელიც მთამსვლელობისთვის ტრადიციულად ყველაზე უსაფრთხო დროა. მკვლევრები და ექსპერტები ამ მოვლენას უპრეცედენტოდ მიიჩნევენ და შიშობენ, რომ მომავალი ზამთარი განსაკუთრებით არასტაბილური იქნება.
„აქ ტემპერატურამ ადვილად გადააჭარბა 30–35 გრადუსს, რასაც, ცხადია, გავლენა აქვს მყინვარებსა და მრავალწლოვან მზრალობაზე. სწორედ ამიტომ გვაქვს წელს რეკორდული მაჩვენებლები, მაგალითად, კლდოვანი მასივების დესტაბილიზაციისა და მთის ფერდობებზე ქვათაცვენის კუთხით“. - ამბობს გეომორფოლოგი, ლუდოვიკ რავანელი.
წინა რეკორდი 2022 წელს დამყარდა, როდესაც ქვათაცვენის 300 შემთხვევა გამოვლინდა. ეს მოვლენა პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას.
„ეს ფოტოები გლობალური დათბობის თითქმის 200-წლიან პერიოდს ასახავს. მათი ერთმანეთთან შედარებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ე.წ. ნაწიბურები, ანუ ის ადგილები, სადაც კლდოვანი ფერდობების დესტაბილიზია მოხდა. ჩვენ შეგვიძლია მათი მოცულობის განსაზღვრა. დავადგინეთ, რომ ამ ნაწიბურების 80 ან 85% ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოიქმნა. შესაბამისად, არსებობს ძალიან მკაფიო კავშირი გლობალურ დათბობასა და კლდოვანი ფერდობების დესტაბილიზაციას შორის“.- ამბობს, ლუდოვიკ რავანელი.
ანალიტიკოსების თქმით, სითბური ტალღები, რომლებიც სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხდება, მთებს უფრო ღრმა დონეზეც ასუსტებს.
„დღეს ქვათაცვენისა და კლდოვანი ზვავების ძირითადი გამომწვევი მიზეზი მრავალწლოვანი მზრალობის დეგრადაცია და მყინვარების უკან დახევაა. საქმე ისაა, რომ მყინვარები ფერდობებზე ზეწოლას ახდენს. ეს ზეწოლა, როგორც წესი, სტაბილიზაციის ეფექტს იძლევა. თუმცა, როდესაც მყინვარები სისქეს კარგავენ, კლდოვანი მასივები ნაკლებად არის შეკუმშული“. - ამბობს, ლუდოვიკ რავანელი.
ივლისში მონბლანზე ქვათაცვენის შედეგად ორი ჩეხი ტურისტი დაიღუპა, აგვისტოში კი მსგავსი შემთხვევისას კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლება ამ ეტაპზე მაღალმთიან ზონებში შესვლის შეზღუდვას არ განიხილავენ, თუმცა ლაშქრობის მოყვარულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან მომდევნო თვეებში ქვათაცვენის მრავალი შემთხვევაა მოსალოდნელი.
