კატეგორიები

უკრაინამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ბაზას შეუტია

უკრაინამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ბაზას შეუტია

უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა რუსული კომპანია Yandex-ის მონაცემთა ერთ-ერთ ცენტრზე, რომელიც რიაზანის ოლქში მდებარეობს.

შედეგად, ობიექტზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი და აუცილებელი გახდა მისი ქსელიდან გამოთიშვა.

რუსულ Google-ად წოდებული მსხვილი კომპანია აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, სერვისების ნაწილი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.

Yandex-ი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ტაქსით მომსახურებას, სწრაფი მიტანის სერვისს, ონლაინმარკეტს, ავტომობილების გაქირავების, ე.წ. „ქარშეარინგის“ ფუნქციასა და ონლაინბანკინგს. კომპანია რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს.

მიმდინარე წლის 16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა Yandex-ის საბანკო განშტოებას სანქციები დაუწესა - რუსეთის ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზართან დაკავშირებია და უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის ეკონომიკური მხარდაჭერის გამო.

შედეგად, გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში იბლოკება ბანკის აქტივები და ბრიტანულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური მომსახურებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება.

ვიდრე მოსკოვი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავს, კიევი ცდილობს, აგრესორ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, რომელთა შორისაც მოქცეულია ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები, მონაცემთა ცენტრები და არმიის მომმარაგებელი ლოგისტიკური კომპანიები.

ერთ-ერთი ასეთია Wildberries-ი, რომელიც კრემლის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია და კიევის იერიშების სამიზნედ იქცა იმ მიზეზით, რომ კომპანიის ონლაინსავაჭრო პლატფორმაზე თავისუფლად ივაჭრებოდა დრონები და სხვა ტიპის შეიარაღება, რომლითაც მოსკოვი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ბაზას შეუტია ევროკავშირი რუსეთს ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაზიარებას სთხოვს