კატეგორიები

სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს

სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს

„ეს დარტყმები არ დარჩება პასუხგაუცემელი“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე მასირებული სარაკეტო იერიშები მიიტანა.

ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებაში „ღია ტერორისტულ აქტად“ შეფასდა კრამატორსკში, საზოგადოებრივ ავტობუსზე დამიზნებული დარტყმა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ეს მოხდა მაშინ, როდესაც უკრაინა წინა დღით ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო თავდასხმებისას დაღუპულ 22 პირს, მათ შორის ბავშვებს გლოვობდა.

ტრაგედიის ადგილას მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ მილიბენდი, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა:

„შევხვდი ერთ პატარა ბიჭს, რომელმაც მომიყვა, რამდენად ეშინია იმის, რასაც ყოველ ღამე და ყოველ დღე აწყდება. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ რა ბოროტებას სჩადის პუტინი. მაგრამ აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით არ შემოვიფარგლებით - ჩვენ მხარდაჭერას კონკრეტული ქმედებებითაც გამოვხატავთ.

ამიტომ, დღეს ვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ. ეს სანქციები შეეხება პუტინის სამხედრო მანქანას, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“, ნავთობკომპანიებს, კრიპტოვალუტებსა და ომის დაფინანსების მექანიზმებს.“

ადგილობრივი მედიის ცნობით კიევის ობოლონსკისა და დესნიანსკის რაიონებზე რუსული ავიადარტყმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით მოქალაქე დაშავდა.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშები კიევისთვის აშკარა გზავნილია, რომ მოსკოვს არათუ ომის დასრულება სურს, არამედ მზადაა, ყველაფრის ფასად წავიდეს ესკალაციაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი მიზანია, ეს ნათელი გახდეს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, განსაკუთრებით აშშ-სთვის, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნედ იქცა:

„სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დახმარების პაკეტები, რათა ჩვენი ხალხის სიცოცხლე გადავარჩინოთ. თქვენ მოისმინეთ, რომ ხუთი ბავშვი დაიღუპა, შვიდი ბავშვი კი დაიჭრა.

არსებობს სხვა გზაც - როგორ წარვმართოთ მოლაპარაკებები და როგორ ვაიძულოთ პუტინი, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მას ეს არ სურს.

ვფიქრობ, მას ეს მდგომარეობა მოსწონს. თუ მას მოლაპარაკებების დაწყება სურს, მან დეესკალაციაზე უნდა იფიქროს. მაგრამ ის საპირისპიროდ მოქმედებს - მას სურს, რომ ესკალაცია მაქსიმალურად გააძლიეროს.

სწორედ ამიტომ გვჭირდება, ყველამ ერთად ვიმოქმედოთ. ევროპელებს არ შეუძლიათ მისი იძულება, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი დახმარება, რაც პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.

ამერიკელებს კი მეტის გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს მეტის გაკეთება შეუძლია და, გულწრფელად რომ გითხრათ, მას მეტის გაკეთება მართებს, რადგან დანაკარგები ძალიან დიდია - თუ იმ ადამიანურ მსხვერპლზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მივიღეთ. მეტი უნდა გავაკეთოთ.“

ევროპულ ტურნეში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აღარაა დარწმუნებული რუსეთ-უკრაინის ომის „მოლაპარაკებების გზით მოგვარების“, თუმცა, მისივე თქმით, ვაშინგტონი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტსა და მექანიზმს გამოიყენებს სამშვიდობო პროცესის მისაღწევად.

ცნობილია ისიც, რომ ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური პირები, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების საკითხს.

„ეს უკიდურესად სახიფათო ომია, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამჟამად სიტუაცია ჩიხში შესულს ჰგავს. ასეთი მდგომარეობა კი ძალიან სახიფათოა, რადგან მისგან თავის დაღწევის მხოლოდ ორი გზა არსებობს.

პირველი გზა, რომლის დროსაც ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვცადეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ შეთანხმებას და ამ ომის დასრულებას.

მეორე გზა, რომლითაც ჩიხური მდგომარეობა სრულდება, ესკალაციაა. ერთ-ერთი მხარე ან ორივე მხარე აძლიერებს საკუთარ მოქმედებებს, რათა მოწინააღმდეგე გატეხოს და ჩიხიდან გამოსვლა შეძლოს. ეს კი ძალიან სახიფათოა.

ეს განსაკუთრებით სახიფათოა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რადგან ესკალაციამ, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არიან, დივერსიული კამპანია გამოიწვიოს. ან შეიძლება ბევრი სხვა რამ მოხდეს, რაც ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომს სწრაფად გადააქცევს გაცილებით ფართომასშტაბიან და ბევრად უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად.

მიგვაჩნია, რომ ეს ომი მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით უნდა დასრულდეს და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. შეერთებული შტატები მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

ჩვენ უკვე ვცადეთ ამის გაკეთება და მცდელობას მომავალშიც გავაგრძელებთ. თუმცა, ამასთანავე, არ ვაპირებთ რესურსების დახარჯვას უშედეგო პროცესებზე. არაერთ შემთხვევაში დადასტურებულა, რომ თუ წინსვლის მიღწევა შეუძლებელია, ასეთმა პროცესებმა შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

თუმცა, ძალიან გვინდა, ვიხილოთ ამ ომის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულება - შეთანხმებით, რომელიც იქნება მუდმივი, მტკიცე და სამართლიანი.“

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ტერიტორიებზე, შორ მანძილზე საჰაერო დარტყმების მიტანას ცდილობენ იმ ფონზე, როცა მათი არმიები ფრონტის ხაზზე კვლავ დიდწილად ჩიხურ მდგომარეობაში რჩებიან.

დაკავშირებული ამბები
სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო