ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია ციმბირში, ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტის სავარაუდოდ, ჭირით გარდაცვალების შესახებ.
„ამ კვირაში პრესცენტრში უკვე მესამედ ვიმეორებ: რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია ჭირის შესახებ. სწორედ ეს გვჭირდება. გუშინ შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ისინიც ითხოვენ განმარტებებსა და დამატებით ინფორმაციას. ჩვენ რუსეთისგან ინფორმაცია გვჭირდება“. - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯანდაცვის საკითხებში, ევა ჰრნციროვა.
რუსეთის ხელისუფლება ინციდენტთან დაკავშირებით შიშის გაქარწყლებას ცდილობს და აცხადებს, რომ 28 წლის ქალი უცნობი წარმოშობის პნევმონიით გარდაიცვალა.
ამასთან, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა განცხადა, რომ ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, კარანტინი და სხვა პრევენციული ზომები დასრულდა და საშიში პათოგენები არ გამოვლენილა.
იგორ კობზევი, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი:
„ახლახან მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია ექსპერტთა კომისიისა და „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებისგან. რეგიონში სრულად დასრულდა პრევენციული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც „ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის“ თანამშრომლის პნევმონიით დაავადებას უკავშირდება. იგი, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაავადდა. თანამშრომელი აცრილი იყო და გააჩნდა იმუნიტეტი იმ საშიში პათოგენების მიმართ, რომლებზეც მუშაობდა. ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ინციდენტები არ გამოვლენილა; ასევე დადასტურდა, რომ დაცული იყო უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლი ამ პათოგენებთან მუშაობისას. ასევე დასრულდა კონტაქტში მყოფი ყველა პირის სამედიცინო მონიტორინგი. ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოვლენილა. თითქმის 5 000 ნიმუშის ლაბორატორიულმა ანალიზმა საშიში პათოგენური მიკროორგანიზმები არ გამოავლინა. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ირკუტსკში, შელეხოვსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სტაბილურია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ საჯაროდ დაადასტურა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. - განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა.
შეერთებული შტატების განცხადებით, მიუხედავად მოთხოვნისა,რუსეთი ინციდენტისა და გარდაცვალების შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ავრცელებს.
