კატეგორიები

ბუნების დაცვის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ველური ბუნებისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს

ბუნების დაცვის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ველური ბუნებისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს

ბუნების მსოფლიო ფონდისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ახალი კვლევის თანახმად, ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია შემაშფოთებელი ტემპით გრძელდება, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმედის საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს.

„კლების ტემპი, რომელსაც ვაკვირდებით, 1970 წლის შემდეგ, არსებითად, სტაბილურია; ჩვენ ვხედავთ კლების მუდმივ, წლიურ დინამიკას, ტენდენციას, რომელმაც 1970 წლიდან მოყოლებული ხერხემლიანი ცხოველების პოპულაციების რაოდენობის საშუალოდ 73%-იანი შემცირება გამოიწვია. სამწუხაროდ, 1970 წლის შემდეგ ამ ტენდენციაში არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ის ძირითადი სისტემები, კერძოდ, სურსათის, ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროები, რომლებიც ამჟამად ბუნების დეგრადაციას განაპირობებს. ამასთან, ბუნებრივ სისტემებში არსებული ნეგატიური გარდამტეხი მომენტების რისკის საპირწონედ, ვხედავთ, რომ ეკონომიკურ სისტემებში შესაძლებელია პოზიტიური გარდამტეხი შედეგის მიღწევა. ეკონომიკურ სისტემებში ასეთი პოზიტიური გარდამტეხი მიზნების მიღწევა მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი სისტემების კოლაფსი. ძალიან კარგი სიახლე კი ისაა, რომ, მაგალითად, ენერგეტიკულ სისტემაში პოზიტიური გარდამტეხი მომენტი უკვე გადალახულია. განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესი უკვე შეუქცევადი და გარდაუვალია“. - აცხადებს WWF-UK-ის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, მაიკ ბარეტი.

მიუხედავად ამ შემაშფოთებელი მონაცემებისა, ანგარიში ხაზს უსვამს ბუნების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობას.

ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვეფხვების რაოდენობაა. 2010 წელს ველურ ბუნებაში სულ რაღაც 3200-მდე ვეფხვი ბინადრობდა, გასული წლისთვის კი მათი პოპულაცია დაახლოებით 5700-მდე გაიზარდა.

სამხრეთ აფრიკაში სპილოების პოპულაცია სტაბილურია ან იზრდება იმ ტერიტორიებზე, სადაც მიწას ადგილობრივი თემები აკონტროლებენ.

გასულ წელს  ზღვის მწვანე კუ  პირველი ზღვის კუ გახდა, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან მინიმალური საფრთხის კატეგორიაში გადაიყვანეს.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღდგენის ეს პროცესები  ბევრად უფრო მასშტაბური ძალის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ბიომრავალფეროვნების შემცირებას უწყობს ხელს. პირველი ასეთი ფაქტორი ენერგიის წარმოებისა და მოხმარების გლობალური მეთოდია.

მეორე ფაქტორი კი სურსათის წარმოება და მოხმარებაა. სოფლის მეურნეობა ჰაბიტატების დაკარგვისა და დეგრადაციის უმთავრესი მიზეზი და ბიომრავალფეროვნების შემცირების წინაპირობაა.

დაკავშირებული ამბები
ბუნების დაცვის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ველური ბუნებისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მზის ენერგია ევროპას 37,4 მილიარდ ევროს უზოგავს