ბრიუსელში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.
ბელგიის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მზარდი ცხოვრების ხარჯებისა და მთავრობის მიერ შემოღებული საბიუჯეტო შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ათობით დემონსტრანტმა ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე ადგილას ცეცხლი გააჩინა.
არეულობისას სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს და ისინი ტერიტორიიდან განდევნეს. შეტაკებებმა ქალაქის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა.
ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით, პირები, რომლებმაც „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიეს“, ანტისამთავრობო ეკონომიკური შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებული არ იყვნენ. პოლიციის შეფასებით, ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა.
შეტაკებები ქალაქ ლიეჟში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის გაგრძელებაა. იქ ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა მას შემდეგ, რაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და დაზიანდა მაღაზიები და კერძო ქონება. ლიეჟში გამართული დემონსტრაციებისას 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ათობით პოლიციელი კი დაშავდა.
პროფკავშირული მოძრაობები იმედოვნებდნენ, რომ ბრიუსელში ათიათასობით ადამიანს შეკრებდნენ. ამ დროს ბელგიის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო შეთანხმებაზე მუშაობს.
ბელგია სახელმწიფო ვალის მძიმე პრობლემის წინაშე დგას, ისევე როგორც მისი მეზობლები - საფრანგეთი და იტალია.
პროფკავშირების ლიდერებმა განაცხადეს, რომ არეულობის მომწყობ პირებს მათ მიერ ორგანიზებულ აქციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. პროფკავშირების წევრებსა და მათ მხარდამჭერებს ფერადი ტანსაცმელი ეცვათ - ძირითადად წითელი ან მწვანე.
მათი მსვლელობა ბრიუსელის ცენტრში მშვიდობიანად დასრულდა.
