კატეგორიები

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ
Copyright AP

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი, ნანგრევებშია მოყოლილი. ოფიციალური პირების თანახმად, სამაშველო ჯგუფები მათ ამოყვანას ამ დრომდე ცფილობენ.

შენობის ქვედა სამი სართული, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე მაღაზია, გამთენიისას ჩამოინგრა. შემთხვევა სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში მოხდა.

სტამბოლის გუბერნატორის, დავუთ გიულის განცხადებით, ევაკუირებულია ზედა სართულების მოსახლეობა. მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს და ამჟამად კიდევ შვიდის დახსნას ცდილობენ.

გიულის თქმით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილ ექვსი წლის ბავშვთან კონტაქტის დამყარება შეძლეს, თუმცა მასთან მიახლოებას ჯერ ვერ ახერხებენ.

გუბერნატორი აცხადებს, რომ არსებობს შენობის სრულად ჩამონგრევის საფრთხე, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა გაიყვანეს ახლომდებარე შენობებიდანაც.

ნგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

შემთხვევა სტამბოლსა და თურქეთის სხვა ნაწილებში ურბანული ტრანსფორმაციის ფონზე მოხდა. პროგრამის მიზანი ძველი და სეისმურად არამდგრადი ნაგებობების უფრო უსაფრთხო საცხოვრებელი შენობებით ჩანაცვლებაა.

დაკავშირებული ამბები
სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ ანკარაში მიიჩნევენ, რომ ისრაელს არ სურს რეგიონში მშვიდობის მიღწევა