უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ამ ფონზე დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ, რუსული სამოქალაქო ავიაცია სერიოზული შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა.
წლების განმავლობაში ამ სფეროს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, რაც შეეხო როგორც ავიაპარკის განახლებას, ისე ექსპლუატაციაში უკვე არსებული ბორტების მომსახურებას.
პრობლემები მეტწილად გამოიწვია ახალი Boing-ებისა და Airbus-ების მიწოდების შეწყვეტამ და თვითმფრინავების ორიგინალ ნაწილებსა თუ ხარისხიან ტექნიკურ მომსახურებასთან შეზღუდულმა წვდომამ, რაც აიძულებს მოსკოვს, რუსულ ავიაპარკში დარჩენილი ხომალდები ან ჩამოაშოროს ფრენებს ან საფრთხის წინაშე დააყენოს მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.
რუსული ავიაკომპანიები იძულებული არიან, საჰაერო სომალდების მხრივ არსებული დეფიციტის კომპენსირების გზები უფრო აქტიურად ეძიონ.
რუსეთი ცდილობს საზღვარგარეთ თვითმფრინავების შეძენას, აეროპორტებში კი მათი მომსახურებისა და საწვავით მომარაგების პრობლემები წარმოიქმნება. ამავდროულად, ხელისუფლება განიხილავს დაფინანსების ახალ წყაროებს, რათა ადგილობრივი სამგზავრო თვითმფრინავების წარმოება დააჩქაროს.
უცხო სახელმწიფოების ჩამონათვალი, საიდანაც მოსკოვი შეძლებს საჰაერო ხომალდების შესყიდვას, საკმაოდ მწირია. კრემლმა ვიეტნამს შესთავაზა, ადგილობრივი ავიაკომპანიების თვითმფრინავები რუსული ავიაკომპანიებისთვის ე.წ. „სველი ლიზინგის“ სქემით გადაეცა - ეკიპაჟსა და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად. რუსული მხარის თქმით, ვიეტნამური მხარე ამ წინადადებას განიხილავს.
ერთი შეხედვით, ამ გარიგების დასადებად საუბარია ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის განვითარებაზე, თუმცა ინიციატივის მიღმა სერიოზული პრობლემა იქმნება, რადგან მსხვილი რუსული ავიკომპანიები განიცდიან თვითმფრინავების ნაწილების დეფიციტსაც. ამ მიზეზით, 11 უმსხვილესი ადგილობრივი ავიაკომპანიის 673 ლაინერიდან 130 ვერ ახერხებს მგზავრთა მომსახურებას.
საზღვარგარეთ თვითმფრინავების მოძიების მცდელობებს მოსკოვი ადრეც მიმართავდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე კატართან, ქუვეითსა და ეთიოპიასთან. თუმცა, ამ დრომდე რეალური შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უფრო მეტიც, ეთიოპიამ უარი თქვა მსგავს სქემაში მონაწილეობაზე და მიზეზებს შორის აშშ-ის მიერ მეორეული სანქციების დაწესების რისკიც დაასახელა.
პარალელურად, დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ვიორსტკას“ ცნობით, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად, საწვავის კრიზისი რუსეთის უმსხვილეს 26 აეროპორტამდეც მივიდა. ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი მხოლოდ იმ მოცულობით გაიცემა, რომელიც ერთი რეისის შესასრულებლად არის საჭირო.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ იგეგმება ახალი მოსაკრებლის დაწესება, რომელსაც მგზავრები გადაიხდიან - ფინანსური სახსრები კი მიმართული იქნება რუსული ავიაკომპანიების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. დამატებითი საფასური, სავარაუდოდ, ავიაბილეთების ფასს დაემატება.
