კატეგორიები

მოსწავლეთა პროტესტის ფონზე საფრანგეთის პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს

მოსწავლეთა პროტესტის ფონზე საფრანგეთის პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს
Copyright AP Photo

მაღალკლასელთა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, ბლოკირებული სკოლებისა და შეჩერებული სასწავლო პროცესის ფონზე ფონზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ოთხშაბათს მოქალაქეებს მიმართა, განაცხადა, რომ მოსწავლეებს უკმაყოფილების გამოხატვის უფლება აქვთ და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ახალგაზრების მოთხოვნებს მოუსმინონ, და ამავდროულად მათ აუხსნან, თუ რა შეზღუდვებისა და სირთულეების წინაშე დაგნან გადაწყვეტილების მიმღები პირები.

პრემიერ-მინისტრმა ძალადობის შემთხვევები დაგმო და მოსწავლეებსა თუ სკოლის თანამშრომლებზე თავდასხმებზე, დაშავებულ სამართალდამცვლებზე, სკოლებში გაჩენილ ხანძრებსა თუ ვანდალიზმის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

სებასტიან ლეკორნუმ გააფრთხილა პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც გაზაფხულზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსწავლეთა უკმაყოფილების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. მისი თქმით, ამით ისინი საკუთარ თავზე სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებენ.

 „ის, რაც სკოლებში ხდება, თითოეულ ჩვენგანს ეხება – მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა თუ უბრალოდ მოქალაქეებს. მაღალკლასელები პროტესტს გამოთქვამენ. ეს მათი უფლებაა, ხელისუფლების გამოცდის ჩათვლით. ჩვენი ვალია, მათ მოვუსმინოთ.

ბოლო დღეებში ძალადობის შემთხვევებიც ვიხილეთ. თავდასხმები მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებზე, დაშავებული პოლიციელები და ჟანდარმები, ცეცხლწაკიდებული ან დარბეული სკოლები, ათასობით გაცდენილი სასწავლო საათი, რომ აღარაფერი ვთქვათ მუქარასა და შეურაცხყოფაზე.

პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ბრაზს თავიანთი საარჩევნო ბრძოლებისთვის იყენებენ, საკუთარ თავზე სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებენ. საფრანგეთის ახალგაზრდობის უსაფრთხოებით თამაში არ შეიძლება. იმის საპირისპიროდ, რასაც ზოგიერთი ამბობს და იმეორებს, მინდა მკაფიოდ განვაცხადო: პოლიციას სკოლის მოსწავლეებთან დაპირისპირების მითითება არ მიუღია. მათი ამოცანა საკუთრების, და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დაცვა, კანონის აღსრულება და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე წვდომის უზრუნველყოფაა.

ახალგაზრდების ბრაზი უმიზეზოდ არ მოსულა. ვერავინ დარჩება გულგრილი იმ წუხილის მიმართ, რომელსაც ისინი გამოხატავენ. როგორც ვიცით, ეს მოსწავლეები COVID პანდემიისას ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ ან მოზარდობის ასაკში შედიოდნენ. ჩვენ მათგან უდიდესი ძალისხმევა მოვითხოვეთ. მას შემდეგ ისინი ომების, კლიმატის ცვლილებისა, და ზოგჯერ საკუთარი მშობლებისა თუ ახლობლების მძიმე მდგომარეობის მომსწრენი გახდნენ.

მიუხედავად ამ წუხილებისა, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მათგან, საკუთარი გზა აირჩიონ და მომავალს თავდაჯერებით შეხედონ. მთავრობისა და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა ამ ნდობის აღდგენა უნდა იყოს. და ეს ცხადია, მათი მოსმენით იწყება. დღეს დაწყებული შეხვედრები დიალოგისთვის ხვალიდან თითოეულ სკოლაში გაგრძელდება და მომავალ კვირასაც გასტანს”, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.

სებასტიან ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლების სამინისტროსთვის 64 მილიარდი ევროა გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 1,2 მილიარდი ევროთი მეტია.

საფრანგეთის პოლიციამ სკოლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით არასრულწლოვანი დააკავა.

კრიტიკოსები პოლიციას გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მოქმედებები მასობრივი არეულობების აღსაკვეთად აუცილებელია.

დაკავშირებული ამბები
მოსწავლეთა პროტესტის ფონზე საფრანგეთის პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს პროტესტი საფრანგეთში: სკოლების ბლოკირება და ქუჩაში გამოსული 250 000 დემონსტრანტი