ესპანეთის სოციალური საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო, 87 წლის მარიკარმენ აბასკალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პენსიონერი, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ქუჩებში გამოსვლისკენ და საცხოვრებელი კრიზისის პრობლემების მოგვარებისკენ უბიძგა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩაწერილ უკანასკნელ ვიდეომიმართვაში აქტივისტებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს:
„მე ვერ შევძელი ჩემი სახლის დაცვა, მაგრამ ვიბრძოდი იმისთვის, რომ სხვებმა ისწავლონ ბრძოლა...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - ყველა ადამიანს, ყველა ბავშვს, ვინც ჩემი გამოსახლების დროს ჩემთან მოვიდა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მეგობრებს, რომლებმაც არც ერთი წუთით არ მიმატოვეს, მათ შორის მოიჯარეთა კავშირს. მე ყველა ძალიან მიყვარხართ...
ასევე დიდი მადლობა და სიყვარული მინდა გამოვხატო ჩემი ადვოკატის, ბეატრის დუროს მიმართ, რომელმაც უამრავი საათი დახარჯა ჩემი სახლის გადასარჩენად. ეს ვერ მოხერხდა.
მაგრამ გთხოვთ, განაგრძეთ ბრძოლა. ის, რომ ჩემი ასაკისა და ავადმყოფობის გამო ვიდეოების გადაღება აღარ შემიძლია, არ ნიშნავს, რომ კავშირთან და თითოეულ თქვენგანთან თანამშრომლობას შევწყვეტ.
მადლობა ყველაფრისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის...“
მარიკარმენი სექტემბრის ბოლოდან საავადმყოფოში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც საკაცით გაიყვანეს ბინიდან, სადაც მან შვიდი ათწლეული გაატარა. ხანდაზმულ ქალს ქირის გაზრდილი თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან სახლი საინვესტიციო ფონდის საკუთრება გახდა.
აქტივისტებმა მისი იძულებითი გამოსახლების მეოთხე მცდელობის შეჩერება ვერ შეძლეს.
პროტესტის ნიშნად, ესპანეთის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, საინვესტიციო ფონდმა მარიკარმენს კუთვნილ ბინაში დაბრუნების უფლება მისცა, თუმცა მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეეძლო, რადგან საავადმყოფოში იმყოფებოდა.
პარალელურად, ესპანეთის კონგრესმა უარყო მთავრობის მიერ ქვეყნის საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად წარმოდგენილი ზომები, რამაც, თავის მხრივ, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრს 29 ნოემბერს ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნისკენ უბიძგა.
თავად პედრო სანჩესმა 87 წლის პენსიონერის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
ესპანეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანა დაახლოებით 700 000 ბინის დანაკლისს განიცდის, რაც მოთხოვნასა და ახალი საცხოვრებლების მშენებლობის მოცულობას შორის არსებული სხვაობით არის გამოწვეული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ესპანეთში ქირის საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ესპანელების 26%, რომლებიც საცხოვრებელს ქირაობენ, ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე შემოსავლის, საშუალოდ, 40%-ს ხარჯავენ, მაშინ როცა ევროკავშირში ასეთი მოიჯარეების წილი 18%-ს შეადგენს.
