არის თუ არა რუსეთში „შავი ჭირის“ მორიგი ეპიდაფეთქება და რამდენად დიდი საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო მოსახლეობა?
ირკუტსკის ოლქში მდებარე, მომაკვდინებელი დაავადების კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის, 28 წლის დარია შიპილოვას გარდაცვალებამ და კრემლის ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა არაერთი კითხვა გააჩინა.
იმ დროს, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ მომხდარი „არანაირად არ უკავშირდება „შავი ჭირის“ დაავადებას“, ირკუტსკში 200-ზე მეტი პირი იზოლაციაშია მოქცეული, საავადმყოფოებში კი მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული.
რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები მკვეთრად განსხვავდება იმავე ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებებისგან, რომლის თქმითაც, არსებობს მხოლოდ გარკვეული ეჭვები „განსაკუთრებით სახიფათო ინფექციასთან დაკავშირებით“.
მის სიტყვებს მოჰქვა „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, ინსტიტუტის თანამშრომელი „დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონიისგან გარდაიცვალა“, ხოლო მის ორგანიზამში აღმოჩენილი მიკროორგანიზმები არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას კვლევით ცენტრში.
დასავლური სახელმწიფოები მოსკოვს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაავადებასთან დაკავშირებული სწრაფი, მტკიცებულებებით გაჯერებული და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება.
„შავი ჭირის“ შესაძლო ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება ვითარებას“ და საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი მისი დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი.
ციმბირში „შავი ჭირის“ შესაძლო გავრცელების საკითხს საგანგებო სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელმძღვანელები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ მოსკოვისგან მიღებული ინფორმაცია მწირია.
„3 ოქტომბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართა. მას შემდეგ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით.
3-დან 5 ოქტომბრამდე ჯანმომ ტექნიკური ექსპერტები ჩართო როგორც კოპენჰაგენში მდებარე რეგიონულ ოფისში, ისე ჟენევის სათაო ოფისში. მათ შორის იყვნენ მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენების სპეციალისტებიც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანმოს პირველადი რისკის შეფასებით:
ირკუტსკისთვის რისკი შეფასებულია როგორც საშუალოდან დაბალამდე. მთლიანად რუსეთის ფედერაციისთვის - დაბალი, ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის - ძალიან დაბალი.
როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, რისკის შეფასებას განვაახლებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა.
სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ „შავი ჭირის“ გლობალურად, მასობრივად გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად საჭიროა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების ზომების მიღება, ხოლო, მეორე მხრივ, მეტი ცნობის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება ირკუტსკში რეალურად.
„შავ ჭირსა და, ვთქვათ, COVID-ს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ შავი ჭირი ბაქტერიული დაავადებაა. ამიტომ, როდესაც ბაქტერიული დაავადება სასუნთქი გზებითაც კი ვრცელდება, ის, როგორც წესი, ძალიან შორს არ ვრცელდება. უმეტესად, ხველის დროს წარმოქმნილი წვეთებია გავრცელების წყარო და ინფიცირებისთვის ადამიანი საკმაოდ ახლოს უნდა იყოს დაავადებულთან, რათა ამ წვეთებთან კონტაქტი ჰქონდეს.
COVID-ის შემთხვევაში კი საქმე გვქონდა ვირუსთან, რომელსაც შეუძლია ჰაერში უფრო დიდხანს დარჩენა, აეროზოლების სახით გავრცელება და ოთახის მასშტაბით გავრცელება. შავი ჭირის შემთხვევაში ამას არ ველოდებით...
როდესაც ეს ამბავი რუსეთიდან გავრცელდა - რომ შავი ჭირის დაავადების მკვლევარი, შესაძლოა, თავად შავი ჭირით გარდაიცვალა - ამ ამბავში თავიდანვე ბევრი გაურკვეველი დეტალი იყო. ზუსტად არ ვიცოდით, როგორ მოხდა შესაძლო ინფიცირება, ჰქონდა თუ არა მას რეალურად შავი ჭირის ინფექცია და საერთოდ რა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციითაც, მისი გარდაცვალება ოფიციალურად შავ ჭირს არ დაუკავშირებიათ და საუბარია უცნობი მიზეზით განვითარებულ პნევმონიაზე...
ამ მომენტისთვის რაც ვიცით, არის მხოლოდ ის, რომ შავი ჭირის მკვლევართან დაკავშირებული შესაძლო შემთხვევის შესახებ არსებობს ინფორმაცია. ამის მიღმა კი რეალურად ძალიან ცოტა დადასტურებული ცნობა გვაქვს“, - ამბობს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ობსერვატორიის აღმასრულებელი დირექტორი დეივ ენგელთალერი.
ზოგიერთი რუსული დამოუკიდებელი გამოცემა წერს, რომ ყაზახეთმა და ყირგიზეთმა საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცრეს. აზიური ქვეყნებისთვის არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან „შავი ჭირის“ კერები ნარჩუნდება მონღოლეთსა და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში.
