საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სექტორის დაფინანსების ზრდას მოითხოვენ, ქუჩაში ქვეყნის მასშტაბით 250 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. სამშაბათს დედაქალაქ პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამართალდამცავებმა ხალხმრავალ დემონსტრაციებზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მოსწავლეების მიერ სკოლების ბლოკირების პარალელურად, მარსელში სტრასბურგსა და სხვა ქალაქებში ხალხი დროშებითა და პლაკატებით შეიკრიბა. აქციებმა აჩვენა, როგორ გადაიზარდა სექტემბრის შუა რიცხვებში პარიზის რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებული პროტესტი დიდ მოძრაობაში – მორიგ მასშტაბურ საპროტესტო ტალღაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში 256 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 56 ათასი პარიზში. ქალაქის მასშტაბით ძირითადად მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში ერთ-ერთ მოედანზე დემონსტრანტების მცირე ჯგუფებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებებიც იყო.
მოზარდების დაკავებების, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების ფართოდ გამოყენება პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგობას კიდევ უფრო აძლიერებს და მშობელთა და მასწავლებელთა ნაწილის აღშფოთებას იწვევს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ პოლიციის რეაგირება „თითქმის ყველა შემთხვევაში“ პროპორციული იყო და რომ საპროტესტო აქციების არეულობაში გადაზრდისას პოლიციის ჩარევა ხდებოდა საჭირო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სებასტიენ ლეკორნიუს თქმით, მთავრობამ და სკოლების ხელმძღვანელებმა მოსწავლეების პრეტენზიები უნდა მოისმინონ და პრობლემების გადაჭრის გზები მოძებნონ.
სასწავლო პროცესის ბოიკოტი და სკოლების ბლოკირება ორ კვირაზე მეტია გრძელდება. პოლიციამ ამ დროის განმავლობაში 6 100-ზე მეტი პირი დააკავა და მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.
საფრანგეთში ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილების ფონზე მოსწავლეთა პროტესტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საზოგადოების უკმაყოფილება პრობლემებს, როგორიც, მაგალითად, ირანის ომის გამო მკვეთრად გაზრდილი საწვავის ფასებია, სცდება, და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, მზარდი სიღარიბესა და ქონებრივ უთანასწორობას უკავშირდება.
ამ ფონზე, მოსწავლეების განაცხადი, რომ განათლების სექტორის არასაკმარისად დაფინანსება მათ მომავალს საფრთხეს უქმნის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.
