კატეგორიები

ბარსელონაში საცხოვრებლის კრიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე 13 მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში საცხოვრებლის კრიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე 13 მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში საცხოვრებლის კრიზისთან დაკავშირებული მასშტაბური საბინაო პროტესტი ძალადობრივი შეტაკებებით დასრულდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დააკავეს. მსუბუქად დაშავდა 30 კატალონიელი პოლიციელი.

ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში დაახლოებით 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების თქმით კი, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 120 000-ს გადააჭარბა.

მომიტინგეები ბარსელონის ცენტრში ქირის ფასების ზრდისა და უძრავი ქონების სპეკულაციების წინააღმდეგ მსვლელობას შეურთდნენ და  ხალხს საბინაო საკითხთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

მსვლელეობამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

„ვფიქრობ, ხალხმა უკვე გააცნობიერა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. საქმე მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება; აქ ყველა ასაკის ადამიანს ხედავთ. ჩვენ აღარ შეგვიძლია ასეთი მაღალი ქირის გადახდა. ვფიქრობ, ახლა სწორი მომენტია პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლოა, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები სულაც არ იყვნენ. უნდა შეიქმნას უფრო ფართო პოლიტიკური ფრონტი, სადაც ცნობილი სახელები არ ფიგურირებენ და ამ საკითხს პოლიტიკური პასუხი გავცეთ“. -  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოლედად ბერტრანმა.

„29 ნოემბერს დაგეგმილ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შიში. არავინ იცის, რა მოხდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება“. - ამბობს აქციის ერთ-ერთ მონაწილე, ხაიმე არიბასი.

პოლიციის ინფორმაციით, მსვლელობის დასრულების შემდეგ  რამდენიმე ადამიანმა, რომელთაც თავზე კაპიუშონები ჰქონდათ წამოხურული, ბარიკადები აღმართა და პოლიციელებს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინა.

კატალონიის პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად გაემერთა. მათ კი კატალუნიის მოედნისა და ლა-რამბლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ნაგვის ურნებსა და სხვა მასალებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციის თქმით, შუაღამემდე მიმდინარე არეულობის დროს 28 ბარიკადი იყო აღმართული,  22 ადგილას კი ხანძარი გაჩნდა.

მიმდინარე საპროტესტო აქციები მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლების შემდეგ დაიწყო, იმ სახლიდან, სადაც ის 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ესპანეთის ორმა მთავარმა პროფკავშირულმა გაერთიანებამ არჩევნებამდე საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის გამო ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვაც დაგეგმა.

გაფიცვის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაკავშირებული ამბები
ბარსელონაში საცხოვრებლის კრიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე 13 მოქალაქე დააკავეს კრიზისის ფონზე, ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა