რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ, დაამშვიდონ საზოგადოება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ციმბირში ლაბორატორიის თანამშრომლის ჭირით გარდაცვალების შესახებ.
28 წლის დარია შიპილოვა 2 ოქტომბერს გარდაიცვალა; ადგილობრივი მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იგი შესაძლოა სინჯარის გატეხის შედეგად დაინფიცირებულიყო.
არსებული ინფორმაციით, იზოლირებული იქნა ინსტიტუტის სამოცზე მეტი თანამშრომელი, ხოლო რეგიონის რამდენიმე საავადმყოფო კარანტინში მოექცა.
5 ოქტომბერს რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ექსპერტთა კომისიის დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი უცნობი წარმოშობის პნევმონია იყო; კრემლმა კი ჟურნალისტებს მოუწოდა, ოფიციალური განცხადებებით ეხელმძღვანელათ.
„ამ შემთხვევაში წამყვანი უწყება, რომელსაც აღნიშნულ სფეროში კომპეტენცია გააჩნია, არის „როსპოტრებნადზორი“. სწორედ მის ოფიციალურ განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ და ყურადღება არ მივაქციოთ სხვადასხვა სახის ჭორებს, ვარაუდებსა და მსგავს ინფორმაციას. „როსპოტრებნადზორში“ ამ სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. მოდი, ვენდოთ მათ ოფიციალურ განცხადებებს“. - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათ კარგად იციან არსებული სიტუაცია.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ მუდმივ კავშირზე ვართ „დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის“ ექსპერტებთან და ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს“. - აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი, ევა ჰრნციროვა.
შავი ჭირი დაავადების ყველაზე გადამდები ფორმაა; რუსეთში 2014 წლიდან ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა ყველა მათგანის ლოკალიზება მოხერხდა.
