თურქული კომპანიის, MG Shipping 5-ის კუთვნილი, სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც 5 ოქტომბერს შავ ზღვაში გადაადგილებისას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, ჩაიძირა.
ხომალდს მარცვლეული გადაჰქონდა, თუმცა რუმინეთის სანაპიროს სიახლოვეს, ნეიტრალურ წყლებში მას, სულ მცირე, 1 დრონი მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია.
Euronews-ის რუმინული სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი. მოხერხდა 11 ადამიანის გადარჩენა - მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. რუმინეთის სანაპიროდან დაახლოებით 32 კილომეტრში გრძელდება დაკარგულად მიჩნეული მეზღვაურის სამძებრო სამუშაოები.
საზღვაო ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, გემი ბოლოს თავდასხმამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაფიქსირდა, როდესაც ის მარცვლეულით დატვირთული უკრაინის პორტ იზმაილიდან გავიდა და იტალიის ქალაქ რავენასკენ მიემართებოდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და ინციდენტში მოსკოვი დაადანაშაულა. მისი თქმით, კიევი არაერთხელ გამოდიოდა შეთავაზებით, „შავ ზღვაში უზრუნველყოფილიყო ნაოსნობის თავისუფლება და უსაფრთხოება, თუმცა რუსეთმა აირჩია ტერორი და სამოქალაქო გემების ჩაძირვა.“
„რუსეთმა დრონების გამოყენებით ჩაძირა გემი, რომელსაც შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში სიმინდი გადაჰქონდა - სრულიად მშვიდობიანი ტვირთი. გემი თურქეთისგან იყო დაქირავებული და მას აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები მართავდნენ.
გემის კაპიტანი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი კი დაკარგულად ითვლება.
ასევე დღეს, ხარკივში, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა
ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებდნენ და, სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც.
ვუსამძიმრებ ყველა მათ ოჯახსა და ახლობელს.
ახლა ყველა ლიდერმა - ყველამ ევროპაში, ყველამ ამერიკაში, აბსოლუტურად ყველა ჩვენმა პარტნიორმა - ყურადღება უნდა გაამახვილოს და, სწორედ ახლა, ოქტომბერში, უზრუნველყოს რუსეთის დარტყმებისგან მაქსიმალურად შესაძლებელი დაცვა და მაქსიმალურად შესაძლო მხარდაჭერა ჩვენი დიპლომატიური შესაძლებლობებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, მათ შორის NATO-ს წევრი რუმინეთი, კვლავაც ხშირად ხდებიან თავიანთ საჰაერო სივრცეებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შემთხვევების მოწმეები. დრონების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის.
აგვისტოში, საბრძოლო თვითმფრინავმა შავი ზღვისპირეთში, ევროპის უდიდესი გაზის მომპოვებელი პროექტის სიახლოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.
მაშინ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა, მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და დაგმო ის, რაც მან მოსკოვის მხრიდან „უპასუხისმგებლო ინციდენტების“ ესკალაციად შეაფასა.
