NATO-ს წევრი ბულგარეთის სანაპიროს სიახლოვეს ტოგოსა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავ ორ სხვადასხვა კომერციულ ხომალდზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი გემი შავ ზღვაში ჩაიძირა.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ეკიპაჟის იმ წევრებისა, რომლებსაც ბორტის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიათ შეჯახების შედეგად გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო.
მომხდართან დაკავშირებით ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
„დაახლოებით ღამის 3 საათზე, ორ სავაჭრო გემზე დრონებით - როგორც საზღვაო, ისე საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ეკიპაჟებმა განაცხადეს, რომ ორივე გემი დაზიანდა.
პირველი გემი, რომელიც ტოგოს დროშის ქვეშ მიცურავდა, ჩაიძირა. მეორე გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟმა გემის დატოვება შეძლო და ისინი ბულგარულმა გემმა გადაარჩინა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის პირობები ხელსაყრელია. ზღვის ღელვის დონე 1–2 ბალია, ხილვადობა კი 10 საზღვაო მილზე მეტია.
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მთელი ტერიტორია საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ და, თუ ეს შესაძლებელი იქნება, პირველი გემის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ვიპოვოთ და გადავარჩინოთ.
ეს არის სრულიად მიუღებელი თავდასხმა, რომელიც ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში განხორციელდა. ეს საერთაშორისო სამართლისა და საზღვაო ნორმების აშკარა დარღვევაა, რაც კიდევ უფრო არღვევს შავ ზღვაში საზღვაო გადაზიდვებს, ზრდის სადაზღვევო ხარჯებს და ნავიგაციას სულ უფრო ართულებს“, - განაცხადა ბულგარეთის მთავრობის მეთაურმა, რუმენ რადევმა.
თავდასხმის გარემოებები და დრონების წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.
ბულგარეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციულ გემებზე თავდასხმის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შავ ზღვაში სამოქალაქო საზღვაო გადაზიდვებისთვის მზარდ რისკებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.
