აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში ე.წ. „შავი ჭირის“ შემთხვევების სავარაუდო გავრცელებას და მოუწოდებს მოსკოვს „სწრაფი, ზუსტი და გამჭვირვალე“ ინფორმაციის გავრცელებისკენ, რათა მსოფლიოში თავიდან იქნეს აცილებული პანდემია.
თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო Axios-ი წერს, რომ ირკუტსკის ოლქში გავრცელებული დაავადების შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. მისივე თქმით, ვაშინგტონი „აფასებს სხვადასხვა სამოქმედო ვარიანტს“.
„ეს მძიმე დაავადებაა. ისეთი დაავადებაა, რომლის კონტროლიც ადრე შეგვეძლო, მაგრამ რატომღაც ეს მიკრობები უფრო გაძლიერდნენ. ისინი არმიას ჰგვანან. ჩვენ აღარ გვაქვს იგივე სამედიცინო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა - მიკრობები მართლაც შედარებით უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ადრე.
ის, რაც ადრე პნევმონიის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებდა, ახლა ისე კარგად აღარ მოქმედებს. ამიტომ ჩვენ დავეხმარებით. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად. ჩვენ დავეხმარებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ში დაავადების გავრცელების რისკი არ არსებობს. ამავეს ფიქრობს მარკო რუბიოც:
„ცხადია, ვიცით იმის შესახებ, რაც რუსებმა მოგვაწოდეს - როგორც ჩანს, ლაბორატორიაში ერთ-ერთი თანამშრომელი დაინფიცირდა და არსებობს შეშფოთება, რომ ინფექცია, სულ მცირე, ლაბორატორიის შიგნით შეიძლებოდა გავრცელებულიყო. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების დროს, მათ კარანტინიც გამოუყენებიათ.
აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა, ცხადია, ძალიან შეზღუდულია, მაგრამ, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ ლაბორატორიიდან გარეთ გავრცელდა, ის შეიძლება სწრაფად გავრცელდეს...
არ ვფიქრობ, რომ ეს პანიკის საფუძველია, მაგრამ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ყურადღებით ვიყოთ და თვალი მივადევნოთ სიტუაციას - სწორედ ამას ვაკეთებთ.“
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, რუსეთი ცდილობს, დამალოს ე.წ. „შავი ჭირის“ დაავადების შემთხვევები და ირკუტსკის ერთ-ერთ კვლევით ლაბორატორიაში გარდაცვლილი პირის სიკვდილს უკავშირებს „დაუდგენელ რესპირატორულ ინფექციას“, რაც, დადასტურების შემთხვევაში, არანაკლებ სახიფათოა, რადგან მსოფლიო, შესაძლოა, ახალი ვირუსული დაავადების წინაშე აღმოჩნდეს.
თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, თუკი საქმე მართლაც „შავი ჭირის“ შემთხვევებთან გვაქვს, საჭიროა დროული რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მარტივად არ ვრცელდება, როგორც, მაგალითად, კორონავირუსი.
„პნევმონიური ჭირი ბუბონურ ჭირთან შედარებით. სინამდვილეში, ორივე მათგანი ერთი და იმავე ბაქტერიით გამოწვეული ინფექციაა.
პნევმონიური ჭირი, როგორც ამ შემთხვევაში, ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი პათოგენს შეისუნთქავს და ის სასუნთქ გზებს აინფიცირებს.
ბუბონური ჭირი, რომელსაც ზოგჯერ „შავ ჭირსაც“ უწოდებენ, ხდება მაშინ, როდესაც რწყილებით ინფიცირებულ ვირთხას ჭირის გამომწვევი ბაქტერია აქვს. რწყილი კბენს ვირთხას და შემდეგ, როდესაც ადამიანს კბენს, ბაქტერიას მას გადასცემს.
ეს არის ბაქტერია, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში არცთუ იშვიათად გვხვდება მღრღნელებში, მაგალითად, ვირთხებში. ბუბონური ჭირის შემთხვევაში კი ის, ძირითადად, ვირთხიდან ადამიანს რწყილის საშუალებით გადაეცემა.
ხალხს ჰგონია, რომ ჭირი უკვე აღარ არსებობს. თითქოს ეს რაღაცაა, რაც 500 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ ასე არ არის. ის დღესაც ჩვენ გვერდით არსებობს.
თუ მსოფლიოს შესაბამის ნაწილებში ცხოვრობთ - მე, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ვცხოვრობ - აქ ჭირი არ გვაქვს, თუმცა ზოგჯერ ის შეერთებულ შტატებშიც კი ჩნდება, რადგან ეს ბაქტერია გარეულ ცხოველებში გვხვდება.
ვიდრე ამ გარეულ ცხოველებს არ გავაქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ბაქტერიას ვერ მოვიშორებთ. ეს უბრალოდ რაღაცაა, რაც ჩვენთან ერთად არსებობს“, - ამბობს რიდინგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სიმონ კლარკი.
„როსპოტრებნადზორის“ მტკიცებით, 28 წლის დარია შიპილოვას, რომელიც ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ დაუდგინდა.
უწყების ცნობით, „მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩატარდა დამატებითი ანალიზები, თუმცა ქალის სამუშაოსთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები აღმოჩენილი არ ყოფილა.“
ეს არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საფრთხისშემცველ ინფორმაციას მალავს.
ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის დროს, კრემლში გადაწყვიტეს, არ გაემჟღავნებინათ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა და რადიაციის განსაკუთრებით მაღალი დონე. მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანებით დაიწყო, რამაც მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.
