კვიპროსის პრეზიდენტმა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ განაცხადა.
ნიკოს ქრისტოდულიდისმა განაცხადა, რომ დახმარება გაიცემა როგორც მკურნალობის პერიოდში, ისე მისი დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში.
მისი თქმით, ნიქოზიის რაიონის შორეული დასახლებებიდან ონკოლოგიურ ცენტრებამდე პაციენტების ტრანსპორტირება უფასო იქნება. გამოსვლისას მან განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისრის ყოფილი თანამდებობის პირის, სტელა კირიაკიდუს მიმართ, რომელიც ამჟამად ამ მძიმე სენს ებრძვის.
„სტელა კირიაკიდუ, რომელიც ამ დიდი ოჯახის სიმბოლოდ იქცა, წლების განმავლობაში იბრძვის — სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით — არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ კიბოთი დაავადებული ყველა ადამიანისთვის. ძვირფასო სტელა, ჩვენი პატივისცემა შენ. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რასაც ახლაც აკეთებ“. - განაცხადა, კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდისმა.
ნიქოზიაში გამართული ღონისძიება „მსვლელობა ვარდისფერი ფიგურებით“ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას კიბოს, მისი პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ფიგურები განასახიერებს ძუძუსა და გინეკოლოგიური კიბოს ახალ შემთხვევებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს ამ დაავადებას შეეწირნენ.
