დრონების დიდი ნაწილი, რომლებსაც უკრაინის არმია რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით იყენებს, ევროკავშირის პატარა ქვეყნებში იწარმოება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ევროკავშირის ყველაზე პატარა წევრი ქვეყნებიც კი აიძულა, მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი ინდუსტრიები განევითარებინათ.
მათ შორის კვიპროსზე ის დრონები მზადდება, რომლებსაც უკრაინა ფრონტის ხაზზე დაზვერვისთვის იყენებს. იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Swarmly, გასული სამი წლის განმავლობაში უკრაინული არმიისთვის 200-ზე მეტი დრონი, სახელწოდებით H-10 Poseidon, დაამზადა. Poseidon-ის დრონებით უკრაინულ არმიას მოწინააღმდეგის მიზანში ამოღება ნებისმიერ ამინდში შეუძლია.
Swarmly-ის ქარხნის პირველი სართული მთლიანად უპილოტო დრონების დამზადებას ეთმობა. ხოლო სპეციალურ დაცულ სათავსოში სწრაფი საზღვაო დრონების ნაკრები ინახება, რომლებიც მაღალი გარჩევადობის კამერებითა და 50 კალიბრის ტყვიამფრქვევებითაა აღჭურვილი. Swarmly-ის დირექტორის, გარი რაფალოვსკის თქმით, დრონებმა უკრაინაში ფრონტის ხაზზე ჰაერში დაახლოებით 100 000 საათი გაატარეს.
„ის არტილერიისთვისაა შექმნილი, სადაზვერვო და სათვალთვალო სამიზნეების მოძიებისთვის. ის დაბალ სიმაღლეზე, მიწიდან ორი კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს, საშუალებას იძლევა დაადგინო, სად არის მოწინააღმდეგე და დაარეგულირო ცეცხლი. იარაღის მიწოდება 2022 წელს დავიწყეთ. ფრონტის ხაზზე, დრონებმა 100 000 საათზე დიდხანს იფრინეს, ყველანაირ პირობებში, დღისით თუ ღამით. დიდი ალბათობით ჩვენ მათ 200-ზე მეტ ერთეულს კიდევ მივაწვდით“, – ამბობს გარი რაფალოვსკი.
გარი რაფალოვსკის მიაჩნია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე ომის წესებს ცვლიან, რადგან უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო თვალსაზრისით ნაკლები შესაძლებლობის მქონე ქვეყნებს ძლიერ მოწინააღმდეგეებზე გარკვეულ ბერკეტებს სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ დრონები ძვირადღირებულ შეიარაღებას, როგორებიცაა ტანკები, არტილერია და საბრძოლო თვითმფრინავები სრულად ვერ ჩაანაცვლებენ, გარი რაფალოვსკი ამბობს, რომ ისინი გაცილებით უფრო მოქნილია და ნაკლები ჯდება. Swarmly-ის მიერ წარმოებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე საზღვაო დრონების Hydra-ს დამზადება 80 000 ევრო ჯდება და მას მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ხომალდის განეიტრალება შეუძლია.
ევროპამ თავდაცვითი დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და იარაღის წარმოების გაზრდაზე საუბარი უფრო აქტუალურად რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არაერთგვაროვანი განცხადებების შემდეგ დაიწყო.
თავდაცვის ინსტრუმენტების გაძლიერების მიზნით, ევროკავშირმა მილიარდობით ევრო გამოყო. კვიპროსის მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც მაღალტექნოლოგიური იარაღის მწარმოებელი ქვეყნების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის. ერთობლივი შესყიდვების პროგრამის ფარგლებში, კვიპროსი ევროკავშირისგან დაახლოებით 1 მილიარდ ევროს მიიღებს.
„ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც პატარა ქვეყნებს აქვთ და რომლებიც ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს. ჩვენ გვაქვს ნიშა ძალიან მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე და ეს სერიოზულად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირმა, ჩვენმა პარტნიორებმა, წამყვანმა კომპანიებმა, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიის პიონერები არიან“, – განაცხადა კვიპროსის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, პანაიოტის ჰაჯიპავლისმა.
რუსული საფრთხიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ევროპის მასშტაბით იზრდება დაფინანსება შეიარაღებაზე, განსაკუთრებით კი უპილოტო დრონებზე. კვიპროსის მსგავსად, დრონების დამზადება და დრონების საწინააღმდეგო შეარაღების განვითარება გააქტიურეს ბალტიის ქვეყნებმა და დანიამ. საბერძნეთში კი დრონების პროგრამა შეიარაღებული ძალების 25 მილიარდი ევროს ღირებულების რეფორმის მნიშნველოვანი ნაწილია. ეს სახელმწიფოები, რომლებიც სამხედრო დრონებს აწარმოებენ, თანამშრომლობენ უკრაინასთან, რომელიც საფრენი აპარატების ტექნოლოგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

