კატეგორიები

კრიზისის ფონზე, ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

კრიზისის ფონზე, ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა
Copyright 2026 The Associated Press

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნების შესახებ გამოაცხადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისი გუნდის მიერ საცხოვრებლების საკითხზე წარდგენილი და დეპუტატების მიერ ჩაგდებული კანონპროექტის შემდეგ რამდენიმედღიანი პაუზა აიღო და საბოლოოდ გადაწყვიტა, გამოწვევებისთვის პასუხი მოსახლეობისთვის მიენდო:

„დადგა დრო, ესპანეთის მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის. ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული.

უბრალოდ გაიხედეთ ჰორიზონტისკენ, რათა გაიაზროთ, რომ მსოფლიო ცვლილებებისა და გარდაქმნების, გარდამავალი პერიოდის ძალიან რთულ ეპოქაში შედის - ეს არის დიდი დაძაბულობის, კლიმატური საგანგებო მდგომარეობის, სოციალური ცვლილებებისა და ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად და რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას.

მჯერა ჩემი თანამემამულეების, რადგან ვიცი, რომ თქვენ მამაცი და მხარდამჭერი ხალხი ხართ, რომელიც გამოწვევების წინაშე არ იხევს უკან და არ ერიდება, იყოს პირველი ან ერთადერთი, ვინც ნაბიჯს გადადგამს, რათა ისტორიის სწორ მხარეს აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თქვენი ნდობა, შთაგაგონოთ და კვლავ გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას მიესალმებიან სანჩესის ოპონენტები.

საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის მასშტაბით ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა. ამ თემის ირგვლივ დემონსტრაციები პერიოდულად, უკვე არაერთი თვეა, იმართება, რისი მიზეზიც არის ქირასა და უძრავ ქონებაზე გაზრდილი და მიუწვდომელი ფასები, თუმცა პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა 87 წლის პენსიონერის საქმის გამო - მარიკარმენ აბასკალი იმ ბინიდან გამოასახლეს, რომელშიც ის 71 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შეღავათიან, ფიქსირებულ ქირას იხდიდა დაახლოებით 500 ევროს ოდენობით.

გასულ თვეში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციამ ხანდაზმული ქალი, რომელიც ეტლით სარგებლობს, საკაცით გამოიყვანა სახლიდან. მას ნივთების ჩასალაგებლად მხოლოდ 30 წუთი მისცეს. ეს კადრები სატელევიზიო მედიასა და სოციალურ ქსელებში მყისიერად გავრცელდა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და მოქალაქეები ქუჩებში, ამჯერად უფრო დიდი რაოდენობით გამოიყვანა.

აქტივისტებმა ესპანეთის მთავრობას გადადგომისკენ, დემონსტრაციების მონაწილეებს კი საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს. ზოგიერთ ქალაქში პროტესტი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, მაგალითად, ვალენსიაში ბარიკადების სროლის საპასუხოდ, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მადრიდის ცენტრალურ მოედანზე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, თუმცა მათ წინააღმდეგ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია.

თავად ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიკარმენ აბასკალის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „სოციალური ტრაგედია“ უწოდა და განაცხადა, რომ 87 წლის ქალი ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდეს.

საგულისხმოა, რომ პედრო სანჩესს არც ისე მარტივი პოლიტიკური პერიოდი აქვს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გამოჩნდა.

საცხოვრისის კრიზისის გარდა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა სეუტაში გამწვავებული მიგრანტთა კრიზისი და ამ საკითხის გამო, იტალიასთან წარმოქმნილი დიპლომატიური დაძაბულობა, როდესაც რომმა მადრიდთან შენგენის რეჟიმი შეაჩერა.

კოალიციური მთავრობის მიერ ამ კრიზისის მართვამ ესპანეთში მწვავე პოლიტიკური დებატები გამოიწვია. კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ და ულტრამემარჯვენე პარტია Vox-მა ხელისუფლება დაგვიანებულ რეაგირებაში დაადანაშაულეს და მაროკოსთან მიმართებით მის პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებდნენ.

მიგრანტთა კრიზისისს დაემატა პედრო სანჩესის ირგვლივ გახმაურებული კორუფციული სკანდალი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის გარემოცვას, მათ შორის მეუღლეს ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გავლენით ვაჭრობას, ბიზნესში კორუფციასა და საჯარო რესურსების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას.

პედრო სანჩესი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რომლის მიზანიც მისი კოალიციური მთავრობის შესუსტებაა.

მისი ხელმძღვანელობით მოქმედ კაბინეტზე კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები წნეხს აძლიერებდა, რაც აჩენდა რისკს, რომ პედრო სანჩესი ზეწოლას ვერ გაუძლებდა და თანამდებობას დატოვებდა.

ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, საყოველთაო არჩევნები ქვეყანაში 2027 წლის 23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა ახლა მოქალაქეებს საარჩევნო ყუთებთან მისვლა 29 ნოემბერს მოუწევთ.

დაკავშირებული ამბები
კრიზისის ფონზე, ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების მიზნით ესპანეთის მთავრობამ ახალი ზომები წარაგდინა