„მოსკოვის შესაძლო ახალი ტაქტიკა“ - ასე აფასებენ ანალიტიკოსები კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალ ხიდებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტს.
მათი ვარაუდით, რუსული საოკუპაციო არმია ცდილობს, კიევში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს და გაწყვიტოს ლოგისტიკური ჯაჭვები.
ზედიზედ 4 დღის განმავლობაში რუსული მხარე დრონებით უტევს უკრაინის დედაქალაქში არსებულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდებს და ამას სწორედ იმ დროს აკეთებს, როცა იქ მოქალაქეები ავტომობილების, ავტობუსების ან მეტროს გამოყენებით გადაადგილდებიან.
უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კიევის ჩრდილოეთით მდებარე ხიდი, კონსტრუქცია დაზიანებულია სამხრეთის ხიდზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს, რომ ხიდებს ბომბავს, თუმცა ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში უწყება ამტკიცებს, რომ იერიშების მიზეზი არის ხიდის გამოყენება „უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადასაადგილებლად.“
ამავდროულად, მოსკოვი არ წყვეტს თავდასხმებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზეც, რაც როგორც ელექტროენერგიის, ისე წყალმომარაგების მხრივ შეფერხებებს იწვევს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ომში მყოფი სახელმწიფოს ხელისუფლება ელოდა იერიშების გამწვავებას შემოდგომისა და შედარებით ცივი ამინდების დადგომასთან ერთად და კვლავ ელის, რომ მოსკოვი ენერგოინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას განსაკუთრებით შეეცდება ზამთრის ყინვების მოახლოებისთანავე.
ბოლო პერიოდია, კიევში საჰაერო განგაშის ხმა, ფაქტობრივად, უწყვეტად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისმის, რაც იმის მაუწყებელია, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაინაცვლოს ბომბსაფრებში ან სარდაფებიან შენობებში.
გახშირებული თავდასხმებისა და კიევის მოსახლეობის ყოველდღიურობის მოწმე გახდა გერმანიის კანცლერი.
ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და პირადად მოინახულა რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ადგილები, მათ შორის სექტემბრის ბოლოს დაბომბილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა.
ბუნდესკანცლერსა და უკრაინის პრეზიდენტს მედიასთან ბრიფინგი ჰქონდათ დაგეგმილი, რა დროსაც კიევში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა და ლიდერებს გეგმების შეცვლა მოუწიათ.
მოგვიანებით ბრიფინგი მაინც შედგა, სადაც გამოცხადდა 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
როგორც ცნობილია, უახლოეს თვეებში ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს რამდენიმე ათას გადამჭერ დრონს, რაც ქვეყანას მისცემს საშუალებას, ეფექტურად გაუმკლავდეს რუსულ, რეაქტიული ძრავით აღჭურვილ უპილოტო საფრენ აპარატებს.
ამასთან, შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილია შორი მოქმედების შეიარაღების ერთობლივი წარმოების გაფართოება.
ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ სამხედრო დახმარებას არ მოიცავს - ის მხარს უჭერს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენასაც, რისთვისაც დამატებით 350 მილიონი ევრო გამოიყოფა.
„ის ფაქტი, რომ მე გერმანიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი მაღალი დონის ბიზნესდელეგაცია მახლავს, ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდია გერმანული კომპანიების ინტერესი უკრაინაში საქმიანობისადმი.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი ეკონომიკის მინისტრებიც იმყოფებიან, აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას არ გულისხმობს - ეს ამაზე გაცილებით მეტია.
წლის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავაძლიერეთ და სწორედ ამის შედეგია ის, რასაც დღეს ვხედავთ.
აქ ვართ, რადგან ყველას გვჯერა უკრაინის მომავლის. ჩვენ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ ამ მომავალში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
უკრაინის აღდგენა უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის როგორც უკრაინისთვის, ისე გერმანიისთვის, და ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ იმ გამოცდილებისგან, რომელიც თქვენ ამ ქვეყანაში გაქვთ დაგროვილი“, - თქვა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევის დასაცავად რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ უკვე განლაგებულია სისტემა „ტურელი“.
ეს არის დისტანციურად მართვადი ავტონომიური დანადგარები, რომლებიც საზენიტო ტყვიამფრქვევებით არის აღჭურვილი.
ზელენსკის თქმით, უახლოეს პერიოდში კიევის ოლქში კიდევ რვა ერთეული „ტურელი“ განთავსდება, ხოლო მომავალში ასეთი სისტემების რაოდენობა რამდენიმე ათეულამდე გაიზრდება.
ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის თქმით, კიევი რჩება დიპლომატიური პროცესის ერთგული, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვი არ არის მშვიდობაზე თანახმა, ხოლო პუტინი ესკალაციის გზას ირჩევს.
მისივე განცხადებით, უკრაინა იტოვებს უფლებას, „მტკივნეული პასუხი“ გასცეს რუსულ მხარეს ქვეყნის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის. ამ შემთხვევაში ზელენსკიმ თქვა, რომ შეტევები გაძლიერდება რუსულ ნავთობსექტორზე.
„ჩემი აზრით, პუტინი განზრახ ამწვავებს ყველაფერს მაქსიმალურად, რათა უკრაინამ ისეთი პასუხი გასცეს, რომელიც მას ესკალაციის გაგრძელების საშუალებას მისცემს - ანუ, ამერიკელებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, მუდმივად, რაც შეიძლება მეტად გაზარდოს დაძაბულობისა და რისკების დონე.
სწორედ ამას ვხედავთ ქალაქებზე თავდასხმებში, მონაცემთა ცენტრებზე დარტყმებში - ფაქტობრივად, ყველაფერზე, რაც ცოცხალია. ის ამას გააგრძელებს...
უბრალოდ შოკირებული ვარ, რომ ისინი ასე თავისუფლად და ღიად ესხმიან თავს მონაცემთა ცენტრებსა და მობილურ ქსელებს. შოკში ვარ! ეს უბრალოდ სრულიად წარმოუდგენელია.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, პუტინმა გადაწყვიტა, რომ თუ ინტერნეტს შეუტევს - მონაცემთა ცენტრებისა და მობილური ქსელების სამიზნედ ქცევით - იცის, რამდენად პრინციპული ვარ და ესმის, რომ ჩვენი პასუხი მხოლოდ დროის საკითხია.
და, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ის იმაზეც არის გათვლილი, რომ თავადაც აღარ ექნება ინტერნეტთან წვდომა. იმიტომ, რომ მას სრული კონტროლი სურს - ის ჰგავს თევზს, რომელსაც უნდა, რომ მთლიანად აკვარიუმში იყოს. მას უნდა, რომ ხალხს არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე, ჩვენთვის კი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებია. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია...“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამ ფონზე, იმედი იმისა, რომ ვაშინგტონის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებით ომი დასრულდება, სულ უფრო მინიმალურია. ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირაშიც განაცხადა, რომ „საბოლოო მიზნების მიღწევამდე“ მოსკოვი განაგრძობს ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, თუმცა, უცნობია, რა მიღწევების საფუძველზე აცხადებს ამას რუსეთის პრეზიდენტი.
კრემლის საოკუპაციო არმია ვერ ახერხებს ეფექტურ წინსვლას ფრონტის ხაზზე - უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებების დაკავება მოსკოვს დიდი ადამიანური და სამხედრო დანაკარგების ფონზე უწევს.
ვითარება არასახარბიელოა ფრონტის ხაზს მიღმაც - აგრესორი სახელმწიფოს ეკონომიკა ვარდნას განიცდის, რასაც უკვე აღაც პუტინი მალავს. ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო რამდენიმე თვეა, ენერგოკრიზისში იმყოფება და საწვავის იმპორტი უწევს იმ ქვეყნებიდან, სადაც მანამდე დიდი რაოდენობით ექსპორტს ახორციელებდა.
