ახალი ანგარიშის თანახმად, მზის ენერგიის წარმოების ზრდის წყალობით, ევროპა თავს იზღვევს წიაღისეული საწვავის იმპორტის ხარჯების ცვლილებისგან.
SolarPower Europe-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მზის ენერგიის გამოყენებამ ევროპას 37 მილიარდ ევროზე მეტი დაუზოგა; ივნისში მზის ენერგია ევროკავშირში ელექტროენერგიის უმსხვილეს წყაროდ იქცა და ბლოკის ენერგომომარაგების 25% უზრუნველყო.
ირანში მიმდინარე კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ ბუნებრივ აირზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია; ეს სრუტე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია, რომლითაც მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დაახლოებით მეხუთედი გადის.
თუ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 თებერვალს, თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ-საათზე დაახლოებით 32 ევროს შეადგენდა, 30 სექტემბრისთვის ეს მაჩვენებელი 72 ევრომდე გაიზარდა, რაც 126%-იან მატებას ნიშნავს.
ამავდროულად, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აჩვენა ენერგოსისტემების ომამდე ტრანსფორმაციის კონკრეტული სარგებელი; მაგალითად, ესპანეთმა 2019 წლის შემდეგ გააორმაგა ქარისა და მზის ენერგიის სიმძლავრეები და თავის ენერგეტიკულ ბალანსს 40 გიგავატზე მეტი სიმძლავრე შემატა.
შედარებისთვის: ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიით 35 მილიონზე მეტი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი.
დიდმა ბრიტანეთმაც გამოიმუშავა ქარის საკმარისი ენერგია 23 მილიონი ოჯახის მოსამარაგებლად, რაც განახლებადი ენერგიის სფეროში ახალი რეკორდია.
თუმცა, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ევროპას კვლავ უჭირს ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება. Eurostat-ის უახლესი მონაცემებით, მეორე კვარტალში ევროკავშირში ბუნებრივი აირის გამოყენებით ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურ ჭრილში 3,9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა განახლებადი წყაროებიდან მიღებულმა ენერგიის წილმა იმავე პერიოდში მხოლოდ 2,8%-ით მოიმატა.
ენერგეტიკის სექტორის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს კონტინენტზე ჰიდრო და ქარის ენერგიის გამომუშავების დაბალი მაჩვენებლებითაა განპირობებული, რაც ენერგეტიკულ ბალანსში კვლავ ბუნებრივი აირის წილის ზრდას იწვვევს. ეს კი, თავის მხრივ, მიანიშნებს, რამდენად აუცილებელია მზის ენერგიის ინფრასტრუქტურის გაფართოება.
