საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საშუალო სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, 500 სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურულია.
ედუარ ჟეფრეიმ აღნიშნა, რომ სკოლების გასახსნელად არ არსებობს უსაფრთხოების პირობები, მან ასევე დასძინა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 24 სკოლა დაიწვა ან გაიძარცვა.
მოსწავლეები აპროტესტებენ მასწავლებელთა გაცდენებს, ხანგრძლივ სასწავლო დღესა და სკოლების მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. საფრანგეთის ბევრ საშუალო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მიმდინარეობს, მხოლოდ ოთხშაბათობით არიან ბავშვები სკოლის სივრცეში ნახევარი დღე,
პროფკავშირებმაც გააკრიტიკეს მთავრობის რეაგირება. მათი აზრით, მთავრობა მოსწავლეთა პრობლემების მოგვარების ნაცვლად პოლიციის ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას.
თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. 6 ოქტომბრისთვის დაგეგმილია მორიგი საპროტესტო აქცია, რომელშიც, სავარაუდოდ, მასწავლებელთა ყველა პროფკავშირი მიიღებს მონაწილეობას.
გასულ კვირას საპროტესტო აქციები მასშტაბურ დემონსტრაციებში გადაიზარდა და ზოგიერთ რაიონში ძალადობის შემთხვევებიც გამოვლინდა. ახალგაზრდა მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
ჟეფრეის თქმით, მოძრაობის დაწყების შემდეგ 170-ზე მეტი მოსწავლე და განათლების სისტემის 78 თანამშრომელი დაშავდა, დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 85% არასრულწლოვანია.
