კატეგორიები

უფროსკლასელთა პროტესტი საფრანგეთის ქუჩებში

უფროსკლასელთა პროტესტი საფრანგეთის ქუჩებში
Copyright AP Photo

პარასკევს ფრანგმა უფროსკლასელებმა სკოლების წინ ცეცხლი დაანთეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. არ ჩანს ნიშანი, რომ პროტესტი, რომლის გამოც დაახლოებით 400 სასწავლებლის დახურვა გახდა საჭირო, დაცხრება.

საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, რომელიც გასულ კვირას პარიზის რეგიონში დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად გავრცელდა, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლების შესასვლელებს კეტავენ.

საფრანგეთის განათლების სამინისტროს განცხადებით „საპროტესტო მოქმედებები ან სასწავლო პროცესის შეფერხება“ 564 სკოლაში იყო.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში ზედმეტად დიდი დროის გატარება უწევთ, პირობები კი არასათანადოა – მათ შორის, საკლასო ოთახებში ხშირად ზედმეტად ცხელა, პერსონალი კი არასაკმარისია.

მთავრობა აცხადებს, რომ მოსწავლეების პრეტენზიები საფუძვლიანია, თუმცა გმობს იმას, რასაც „ქუჩის ძალადობას“ უწოდებს.

მოსწავლეები პოლიციას გადამეტებული ძალის გამოყენებასა და ადამიანების დაშავებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამართალდამცველები საპროტესტო აქციების დასაშლელად რეგულარულად იყენებენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს.

პარასკევს პარიზში ხანძარმა ორი სკოლის შესასვლელი დააზიანა. AFP-ის ფოტოგრაფის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ „უფროსკლასელთა მოძრაობა ულტრაძალადობრივმა რადიკალურმა ჯგუფებმა მძევლად აიყვანეს“.

მისი თქმით, პროტესტის დაწყებიდან სკოლის სულ მცირე 65 თანამშრომელი დაშავდა. დაშავდებულია დაახლოებით 170 მოსწავლე, ხოლო 100-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებას „სერიოზული ზიანი“ მიადგა.

„მშობლებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და შვილებს მკაფიოდ უთხრან, რომ საპროტესტო აქციებზე არ წავიდნენ. ახლა მთავარია, ჩვენი შვილები ქუჩებში აღარ იყვნენ, რადგან მათ საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ პროკურატურას სთხოვა, საპროტესტო აქციებისას არასრულწლოვნების მიერ გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობა მათ მშობლებს დააკისრონ და „სარემონტო ხარჯების გადახდა“ მოსთხოვონ.

მისი განმარტებით, პროტესტის დაწყებიდან პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 2 000 ადამიანი გადაიყვანეს, „რომელთა 90%-იც არასრულწლოვანი იყო“.

დაკავშირებული ამბები
უფროსკლასელთა პროტესტი საფრანგეთის ქუჩებში სკოლებში არსებული პირობების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსწავლეები პოლიციას დაუპირისპირდნენ