კიევის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ პირველად, მოსკოვში განაცხადეს, რომ შეიარაღების მწარმოებელი ქარხნები, ასევე შეიარაღების საწყობები, რომლებიც ევროპის მასშტაბით, მათ შორის NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზეა განთავსებული, წარმოადგენს რუსეთის „ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს“.
საუბარია იმ ობიექტებზე, საიდანაც უკრაინას შეიარაღება მიეწოდება.
ამგვარი განცხადება არა სახელმწიფო სათათბიროს რიგითმა დეპუტატმა, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ გააკეთა, რომელიც, როგორც წესი, დიპლომატიური უწყების ოფიციალურ პოზიციას აჟღერებს:
„მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის ქვეყნებში არსებული, უკრაინისთვის იარაღის მწარმოებელი ქარხნები რუსეთისთვის პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენენ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე სამხედრო ქარხნები, რომლებიც კიევის რეჟიმისთვის იარაღს აწარმოებენ, უსაფრთხოდ იქნებიან. ვინც ასე ფიქრობს, ცდება.
ევროპის ქვეყნები პირდაპირ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში. ისინი მხოლოდ დახმარებას კი არ უწევენ უკრაინას, არამედ, შეიარაღების საწარმოების გახსნითა და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ერთობლივი კომპანიების შექმნით, სრულად ერთვებიან კონფლიქტში.“
ეს განცხადება მარია ზახაროვამ მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რაც ეხებოდა პოლონეთის გეგმებს, რომლებიც Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების განვითარებას ითვალისწინებს.
ამგვარ შეიარაღებას კიევი იყენებს რუსული სარაკეტო იერიშების გასანეიტრალებლად.
მანამდე, წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის იარაღს აწარმოებენ ან კიევს შეიარაღებას აწვდიან, სამხედრო საწარმოებზე სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა - მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებითაც.
საგულისხმოა, რომ მას შემდეგ რამდენიმე ევროპული თავდაცვითი ქარხანა გარდა დივერსიების სამიზნე, რასაც ევროკავშირი და NATO განიხილავენ როგორც რუსული აგრესიის აშკარა გამოხატულებას და გაერთიანებების წევრი სახელმწიფოების ფართომასშტაბიან ომში ჩართვის მცდელობას.
