ზედიზედ ორი დღის განმავლობაში რუსული საოკუპაციო არმია კიევის სამხრეთით მდებარე ხიდებს ესხმის თავს.
სატრანსპორტო კუთხით, ქალაქისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ადგილობრივი ანალიტიკოსი რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალ ტაქტიკაზე საუბრობს, რომელიც, არაა გამორიცხული, მიმართული იყოს უკრაინის დედაქალაქისა და მიმდებარე ოლქების საკვანძო ლოგისტიკური მარშრუტების პარალიზებაზე.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების გამო, კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეზღუდა მოძრაობა მდინარე დნეპრზე გამავალ რვიდან ერთ-ერთ ხიდზე, რომელიც კიევის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს აკავშირებს, რამაც როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე კერძო ავტომობილების გადაადგილების მხრივ სერიოზული პრობლემები შექმნა და ხერგილები წარმოქმნა.
საგულისხმოა, რომ რუსულმა ძალებმა დრონებით დარტყმა მიიტანეს ხიდზე იმ დროს, როდესაც მასზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, კიევის მეტროს შემადგენლობა მოძრაობდა.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად ხიდის კონსტრუქცია ნაწილობრივ დაზიანდა, თუმცა შემოწმდება სხვა ხიდების მდგრადობის საკითხიც.
დარტყმებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების მტკიცებით, თავდასხმის შედეგად, „განადგურებულია მდინარე დნეპრზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარისო ერთეულებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვას“.
ხიდებისგან განსხვავებით, სამხედრო ლოგისტიკაში არ მონაწილეობენ საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა ისინი მაინც გახდნენ რუსული დრონების იერიშების სამიზნე. ერთ-ერთი მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რამაც 1 ადამიანი იმსხვერპლა.
„გამთენიისას, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოხდა - უცნობია, „შაჰედი“ იყო თუ „გერანი“. შენობის დაზიანების გამო, ყველგან დამსხვრეული მინა ყრია. ჩამსხვრეული ფანჯრების მინები მანქანებზე ჩამოცვივდა.
აფეთქების ხმამ გამაღვიძა - თუმცა შესაძლოა, ეს აფეთქება არც ყოფილიყო, რადგან სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. ამჟამად შენობის გარეთ ვიმყოფებით. დაზიანებულია მანქანები და, სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა.
სიმართლე გითხრათ, ყველაფერს ეჩვევი. ადამიანის ფსიქიკა საკმაოდ ადაპტირებადია. ამიტომ, არ ვიცი - ვერ ვიტყვი, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ალბათ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამას შევეჩვიე. დიახ, ეს სტრესულია, მაგრამ ამასაც ეჩვევი“, - ამბობს კიევის მცხოვრები სერჰი ლისაკი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, 1-ლი ოქტომბრის საღამოდან რუსულმა ძალებმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის 108 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 47 რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი, რომელთა განეიტრალებაც კიევს ყველაზე მეტად უჭირს.
ომში მყოფი ქვეყნის თითქმის 3-მილიონიანი მოსახლეობა, ფაქტობრივად, უწყვეტად განაგრძობს ცხოვრებას საჰაერო განგაშის ფონზე, რომლის ჩართვა თავშესაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლის მაუწყებელია.
