თუკი გაირკვევა, რომ Flydubai-ის რეისზე პილოტზე თავდასხმასთან ირანია დაკავშირებული, ამერიკის შეერთებული შტატების ისლამურ რესპუბლიკას „ძალიან ძლიერად“ დაარტყამს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა.
თვითმფრინავის ბორტზე განვითარებული დრამატული მოვლენების – პილოტის დაჭრის, მგზავრების მიერ ავიაკატასტროფის თავიდან აცილებისა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვების შემდეგ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული.
„იმის მიხედვით, რასაც ვისმენ, ვიტყოდი, რომ ასეა. თუმცა ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პასუხად კითხვაზე, იყო თუ არა ირანი დაკავშირებული დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე მომხდარ ინციდენტთან.
ამავდროულად, მან ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ თუკი ეს დადასტურდება, ირანი „ძალიან ძლიერ დარტყმას“ მიიღებს.
„მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. არ ინერვიულოთ. უბრალოდ მათ ჰკითხეთ. მათ იციან, რა მოხდება. ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ნახეთ: ირანში ახლა ინფლაცია 301%-ია, მათი ფული არაფრად ღირს, მათი ეკონომიკა განადგურებულია, სამხედრო ძალა აღარ აქვთ, აღარ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ძალიან ცოტა რამ დარჩათ, და სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ. ბოლო რამდენიმე დღეში სრუტიდან იმაზე მეტი ნავთობი გავიტანეთ, ვიდრე ამ სრუტის ისტორიაში ნებისმიერ სხვა დროს – მათ შორის ომამდეც.
ერთ რამეს გეტყვით. იცით რაშია საქმე? ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები წარმოუდგენლად ძლიერია. ჩვენი სამხედრო ძალები წარმოუდგენლად ძლიერია — საოცარი სამუშაო შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. ისინი ან ძალიან სამართლიან შეთანხმებას მოაწერენ ხელს, ან არსებობას შეწყვეტენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Axios-ის ცნობით, ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთსა და კატარში დამატებით განათავსა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ირანის დარტყმებისგან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების დაცვას შეუწყოს ხელი.
ამასთან, ამერიკული გამოცემის ცნობით, ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან.
