კატეგორიები

ტენესის შტატში ქალი ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა

ტენესის შტატში ქალი ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა

ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალის განაჩენი ვერ აღსრულდა -  კრისტა პაიკი ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა.

50 წლის ქალს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი 18 წლის ასაკში ჩადაენილი დანაშაულისთვის გამოუტანეს, პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა, როგრც მოწმე ჟურნალისტები ყვებიან, კრისტა პაიკი ორი ინექციის შემდეგაც სუნთქავდა.

მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინექციებამდე რამდენიმე საათით ადრე კრისტა პაიკის სიკვიდლით დასჯა შეჩერებული იყო. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

პაკისთვის გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა ტენესის შტატში სულ მცირე 200 წლის განმავლობაში ქალის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა იქნებოდა.

ჟურნალისტები, რომლებიც სიკვდილით დასჯის პროცედურას აშუქებდნენ, პროცესის მსვლელობასა და სიკვდილმისჯილი ქალის ბოლო სიტყვებზე ყვებიან.

„როდესაც წამოვედით, უფრო სწორად, როდესაც 8:53-ზე გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით — კრისტა პაიკი ჯერ კიდევ სუნთქავდა. მას პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, რაც აქამდე არასდროს მინახავს. პროტოკოლში წერია, რომ თუ ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია, მეორე დოზაც უნდა გამოიყენონ.

ძირითადად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მათ ორი დოზა გამოიყენეს და იგი ამის შემდეგაც სუნთქავდა. სუნთქვა ძალიან მძიმე და არათანაბარი იყო. ერთ მომენტში თავი წამოსწია და ირგვლივ იყურებოდა. მან თქვა, რომ ერთ ადგილას წვისა და ტკივილის შეგრძნება ჰქონდა და იკითხა, ნორმალური იყო თუ არა ეს. ამ ყველაფერში ნორმალური არაფერი ყოფილა. გასულ წელს ყველა სიკვდილით დასჯა გავაშუქე და წელსაც მათ უმეტესობას დავესწარი – მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აცხადებს კეტრინ სვინი, WPLN-ის ჟურნალისტი.

„ბევრი კითხვა გვაქვს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა მოუწევს იმის შესახებ, თუ რა მოხდა აქ. რატომ იყო, რომ 8:05-ზე, როდესაც ფარდები მეორედ ჩამოუშვეს, ის ჯერ კიდევ სუნთქავდა და ზოგ მომენტში მისი სუნთქვა საკმაოდ რიტმულიც კი იყო? ზოგჯერ ჩანდა, რომ სუნთქვა უჭირდა. ზოგჯერ ხვრინავდა კიდეც, მაგრამ კვლავ სუნთქავდა“, - ამბობს ჯონ ნორზი (WBIR).

„დღეს არაფერი ყოფილა ნორმალური ან ჩვეულებრივი, და სასამართლოს გადაწყვეტილების დაგვიანება კი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. როდესაც შიგნით შევედით, მგონი, დაახლოებით 6:41 იყო. მოწმეთათვის განკუთვნილ ოთახში შეგვიყვანეს. იქ თითქმის ერთი საათი ვიცდიდით, რაც უჩვეულოა. ჩვეულებრივ, 10-15 წუთი გადის და პროცესი იწყება. ზოგჯერ ტირილისა და ქვითინის ხმა გვესმოდა, მაგრამ როდესაც ფარდები საბოლოოდ გაიხსნა, მან ბოლო სიტყვა თქვა, რომელიც თქვენც მოისმინეთ. ძირითადად საკუთარ თავზე ისაუბრა. ახსენა თავისი „ჰეითერები“ და ადამიანები, რომლებსაც ის არ მოსწონთ, და თქვა, რომ მოუთმენლად ელოდა თავისუფლებას“, – ტორი გესნერი (WKRN).

„პაიკმა თქვა: „ამ სამყაროს ისე დავტოვებ, როგორც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე – სიყვარულით.“ მან თქვა, რომ სიყვარულით იყო განწყობილი იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც გარეთ იდგნენ და მისადმი სიძულვილს გამოხატავდნენ. განცხადების ბოლოს თქვა: „მე მშვიდად ვარ. მზად ვარ, თავისუფალი ვიყო.“ შემდეგ რაღაც თქვა თავისი თავისუფლების აღნიშვნაზე და ბოლოს დაამატა: „ეს ბედნიერი დღეა.“ ამის შემდეგ სიკვდილით დასჯის პროცედურა დაიწყო. მისი სულიერი მრჩეველი მასთან ერთად მღეროდა. სიტყვები კარგად არ მესმოდა, თუმცა ხშირად მეორდებოდა ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ.“ ის თავზე ეფერებოდა. ვიტყოდი, რომ სიკვდილით დასჯის პროცედურის დაწყებისას პაიკი აშკარად ფხიზლად იყო“, – ამბობს კიმ ჩენდლერი, The Associated Press-ის ჟურნალისტი.

პაიკი და მისი მეგობარი მამაკაცი 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის სასიკვდილოდ დაჭრას და ცემაში ცნეს დამნაშავედ. სლემერი მათი თანაკურსელი იყო ნოქსვილში მდებარე პროფესიული მომზადების დაწესებულებაში.

საქმემ ფართო ყურადღება ნაწილობრივ იმიტომ მიიპყრო, რომ სლემერის სხეულზე პენტაგრამა იყო ამოკვეთილი. დანაშაულის სხვა გარემოებებთან ერთად, ამან კიდევ უფრო გააძლიერა სატანის თაყვანისცემასთან დაკავშირებული შიში, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში ე.წ. „სატანური პანიკის“ პერიოდში იყო გავრცელებული.

დაკავშირებული ამბები
ტენესის შტატში ქალი ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა დონალდ ტრამპის შეხვედრა AI ინდუსტრიის ლიდერებთან კონსენსუსი „თვითრეგულირებაზე"