კატეგორიები

რუსეთმა კიევში სკოლა და ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა

რუსეთმა კიევში სკოლა და ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა

კიევში ვიდეომეთვალყურეობის კამერამ გადაიღო როგორ მოხვდა რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა უკრაინის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი სკოლის შენობას, რომელიც ნაწილობრივ ჩამოინგრა, დარტყმის მომენტში კი ბავშვები და მასწავლებლები ბომბსაფრებში იმყოფებოდნენ.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის, ელენა ფიდანიანის თქმით, პერიოდული რუსული იერიშების შედეგად კიევის ყოველი მესამე სკოლაა დაზიანებული - ჯამში, საუბარია 334 შენობაზე.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ, საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელოვნად დაზიანებული შენობის კადრებს უკრაინის პრეზიდენტმა დაურთო განცხადებაც, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ სამხედრო ძალების წარმომადგენლებს „ნაძირლები“ უწოდა, რომლებიც განაგრძობენ ადამიანების, უკრაინელი ბავშვების სიცოცხლის ხელყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მისივე თქმით, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებზე და მიიღოს პასუხი თითოეულ დარტყმაზე.

თავად უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო სამეთაური პუნქტს ეწვია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ მიხაილო დრაპატისა და შეიარაღებული ძალების მეთაურ ევჰენი ჰმარასთან ერთად.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვდა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძვიან, სადაც უკრაინამ ბოლო პერიოდში რუსეთის ძალებისგან ტერიტორიის ნაწილი გაათავისუფლა.

„ეს ზეიმი თქვენ გეძღვნებათ. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს დღე ასეთი მნიშვნელოვანია, და, საერთოდ, ყოველი დღე შესაძლებელი ხდება ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცების წყალობით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიცოცხლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის.

თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ძალისხმევით, ჩვენი მიწის რამდენი ძვირფასი კილომეტრი იქნა გათავისუფლებული და დაბრუნებული.

გაუფრთხილდით თქვენს ჯარისკაცებს და საკუთარ თავსაც“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევის ადმინისტრაცია იუწყება ქალაქის საცხოვრებელ კორპუსებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებაც, რამაც რიგ ოლქებში, მათ შორის ხარკივის, ჩერნიჰივის, სუმისა და კიროვოჰრადის ოლქებში, ელექტრომომარაგების პრობლემები შექმნა.

ქვეყნის ეროვნული ენერგომიმომწედებელი კომპანიის, „უკრენერგოს“ ცნობით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა მოსახლეობას მაინც მოუწოდებენ, საჭიროების გარეშე არ მოიხმარონ ელექტროენერგია.

უკრაინის ხელისუფლება განიხილავს დენის საათობრივად მიწოდების საკითხსაც, თუმცა ეს ზომა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, მოქალაქეებს შეეხებათ და არა სამრეწველო ობიექტებს.

კიევის ოლქის ვიშჰოროდის დასახლებაში კი გრძელდება რუსული იერიშებისას დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესი. აქ მოსკოვის სარაკეტო და დრონებით იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 1 მცირეწლოვანი ბავშვია. 

„გული მტკივა ყველაფრის და, განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხის გამო. მაგრამ უკრაინელი ხალხი ამას გაუძლებს. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ჩვენ ძლიერები ვართ და არ გვეშინია. ისინი ცდილობენ, შიმშილითა და სიცივით შეგვაშინონ, მაგრამ ეს არ გვაშინებს. უკრაინელი ხალხი გაუძლებს შიმშილსაც, სიცივესაც და ყველაფერს, რადგან იცის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. და ასეც იქნება…“ - ყვება ადგილობრივი, მიკოლა ჟადანი.

რუსული საოკუპაციო არმია აგრძელებს დარტყმებს შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზეც, სადაც სამიზნედ იქცა ბიზნესცენტრი და მის სიახლოვეს მდებარე კიდევ ორი შენობა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.

„რუსეთი ოდესის რეგიონის ტერორს განაგრძობს. ღამით მტერმა ოდესაზე იერიში მიიტანა. დაზიანდა ორი შენობა, მათი ფასადები და სახურავები. აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია ფანჯრები და მეხუთე სართულზე კედლის ნაწილი ჩამოანგრია. ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ოლექსანდრ კოლოსიუკმა.

საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემზე იერიში მიიტანეს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა კიევში სკოლა და ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას დაარტყა - არიან დაღუპულები